
აჭარაში დამკვირვებელი დააკავეს
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ბათუმში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ახორციელებდა მონიტორინგს, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
21 წლის გიორგი მშვენიერაძე პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა, როდესაც იგი ქობულეთში არჩევნების მიმდინარეობას აკონტროლებდა. მას ქობულეთის ერთ-ერთ უბანში ხულიგნობასა და არჩევნების მიზანდასახულად ჩაშლაში დასდეს ბრალი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მშვენიერაძე მაშინ დააკავეს, როდესაც მან შენიშნა, რომ ერთ-ერთი პიროვნება გაყალბებული ბიულეტენების ჩაგდებას ცდილობდა ყუთში.
“გიორგი მშვენიერაძე თავის მოვალეობებს ასრულებდა, როგორც დამკვირვებელი და ვიმედოვნებთ, აჭარის სასამართლო სამართლიანი იქნება”, – განაცხადა საიას წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.
საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა მთელი რიგი დარღვევები დააფიქსირეს აჭარაში ჩატარებული არჩევნების დროს.
ოპოზიციური პარტიები აჭარაში დაფიქსირებული მასობრივი გაყალბების გამო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.