
ოპოზიცია თბილისის ცენტრში საპროტესტო მსვლელობას აწყობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმი განათავსა თბილისის ცენტრში, რადგანაც “ბურჯანაძე-დემოკრატების” და ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერმა მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო.
“მოგიწოდებთ, დავიწყოთ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ჩავუაროთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდეგ პარლამენტს, რომელსაც სახელისუფლებო ბლოკი ოკუპაციას უპირებს. წავიდეთ და შევუერთდეთ ჩვენს პარტნიორებს – ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც საკრებულოს წინ შეიკრიბნენ”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ფილარმონიაში.
სახელმწიფო მინისტრმა და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერმა ავთანდილ ჯორბენაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. მან გამორიცხა არჩევნების შედეგების გაყალბება და გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
“ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები გაცილებით სამართლიანად ჩატარდა, გაყალბების გარეშე. ადამიანის უდიდესი ვალდებულებაა შეინარჩუნოს სამშობლოში სტაბილურობა,” განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისა და “ბურჯანაძე-დემოკრატების” მიერ 4 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციის კომენტარებისას.
საპროტესტო აქცია დღეს დილით ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ხელისუფლების მიერ არჩევნების მასობრივი გაყალბების თავიდან ასაცილებლად. “ახალი მემარჯვენეები” საპროტესტო აქციას არ შეუერთდნენ.
ოპოზიციამ ასევე მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “არჩევნების სამართლიანი შედეგების” გამოქვეყნებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” და “ერთობის” ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ჯუმბერ პატიაშვილი დღეს თბილისის საკრებულოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც განიხილეს ხელისუფლებისა და ცსკო-ს წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ არ გამოქვეყნდება საპარლამენტო არჩევნების ობიექტური შედეგები.
“დღეს ვაცხადებთ, რომ ვქმნით ერთიან ფრონტს და ერთობლივი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის ხმების დაცვას. ეს იქნება სამართლებრივი, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული მეთოდი, რითაც ხალხის ინტერესებს დავიცავთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.
“დღეს გავხდით იმის მოწმე, რომ ხელისუფლება ატყუებს საკუთარ მოსახლეობას. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან მისულები სიებში არ აღმოჩნდნენ, ახლა კი როცა მათ არჩევანი გააკეთეს, ხელისუფლება სულ სხვა შედეგს აჩვენებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვითანამშრომლებთ ამომრჩეველთა ხმების დასაცავად. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებასთან გარიგებას, მათ სწორედ ეს სურთ და შანტაჟს გვიწყობენ. ჩვენ ვიცით, რომ გადალახული გვაქვს 7% ბარიერი. ჩვენ გვყავს ჩვენი მხარდამჭერები ყველა რეგიონში და ისინი მზად არიან მხარში დაგვიდგნენ”, – დასძინა ბურჯანაძემ.
“ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ახალ მაინც დაუსვას წერტილი არჩევნების გაყალბებას. ნუ მოიქცევიან ისე, რომ ხალხს აჩვენონ, თითქოს, ამ არჩევნებში მათ გაიმარჯვეს. ჩვენ მზად ვართ მოქმედებებისათვის”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
“მზად ვარ დავდგე იმ ძალების გვერდით, რომლებიც არ დაუშვებენ ამ არჩევნების შედეგების გაყალბებას”, – აღნიშნა ჯუმბერ პატიაშვილმა.
ზურაბ ჟვანიამ მხარდამჭერებს მოუწოდა შეიკრიბონ ფილარმონიაში, ხოლო სააკაშვილმა მერიაში დაიბარა თავისი ამომრჩევლები დღეს საღამოს.
არჩევნების დროს მასობრივმა დარღვევებმა ოპოზიციის ბრალდებები გამოიწვია ხელისუფლების მიმართ. საარჩევნო უბნების 50%-დან მიღებული ხმების ოფიციალური შედეგებით, სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს – 25,8%, მას მოყვება ნაციონალური მოძრაობა – 23,2%.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს ხმების 26,6%-ით, და მას მოყვება ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” ხმების 18,9%-ით.
“ახალი მემარჯვენეებისა” და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები აქციას არ შეუერთდნენ.
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ პარტია პირველ რიგში ეცდება საკუთარი ხმები დაიცვას საარჩევნო კომისიაში.
თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, ნათია ალასაშვილი, “სივილ ჯორჯია”