
ევროსაბჭო საქართველოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვოლტერ შვიმერმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს საპარლამენტო არჩევნების ევროსაბჭოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისკენ მოუწოდა.
“მთავარი არ არის საპარლამენტო ადგილების მეტი ან ნაკლები რაოდენობით მოპოვება. მთავარია არჩევნების კანონიერება ამომრჩეველთა და მთლიანად, ევროპის საზოგადოების თვალში”, – განაცხადა ვოლტერ შვიმერმა.
ევროსაბჭოს მიერ 31 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გენერალური მდივანი დაჟინებით ითხოვს ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს ქვეყნის მასშტაბით.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში და მათ, ვინც არჩევნებს გააყალბებს, პასუხი უნდა აგონ.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თავისი დამკვირვებლები ეყოლება.