ახალი ამბები

ქუთაისში საუბნო კომისიების 18 თავმჯდომარის განთავისუფლებამ შესაძლოა არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეუქმნას

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქუთაისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვით, 18 საუბნო კომისიის თავმჯდომარე უმიზეზოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, ხელისუფლებამ ის თავმჯდომარეები გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომლებიც მათ დირექტივებს არ ასრულებდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, 28 ოქტომბერს საოლქო კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომელთაც ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების”  ლიდერი ნინო ბურჯანაძეც შეუერთდა.

“ამას, შესაძლოა, სასამართლო პროცესები მოჰყვეს, რის შედეგადაც უბნების მუშაობა პარალიზებული იქნება. ეს ყოველივე კი სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს ქუთაისში ნორმალური არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა აქციაზე ნინო ბურჯანაძემ. მან საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კოტე თევდორაძეს საკითხის დაუყოვნებლივ გარკვევა მოთხოვა.

Back to top button