
ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია შეწყდა
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიტიკური პარტიები 27 ოქტომბერს შეთანხმდნენ შეეწყვიტათ ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია და მთლიანად ხელნაწერ სიებზე დაყრდნობით შეედგინათ ახალი სიები.
ეროვნულ მონაცემთა ცენტრმა, სადაც ამომრჩეველთა სიები შეჰქონდათ კომპიუტერებში, მუშაობა შეწყვიტა. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა საქართველოს მთავრობას ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინა ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის საქმეში.
არეულობამ ამომრჩეველთა სიებში ურთიერთბრალდებები გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ამომრჩეველთა საწყისი სიები მოამზადა, აცხადებს, რომ მან ძველ ცსკო-ს, რომელიც სახელისუფლებო პარტიების მიერ კონტროლდებოდა, გადასცა ზუსტი სიები. ამგვარად, შინაგან საქმეთა სამინისტრო იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას სიების უზუსტობის გამო და თითს ძველი ცსკო-სკენ იშვერს.
სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” აცხადებს, რომ უზუსტობების ძირითადმა ნაწილმა სიების კომპიუტერიზაციის დროს იჩინა თავი, მაშინ როცა ოპოზიციური პარტიები და ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სიებში უზუსტობის საკითხს სწავლობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებენ.