
ცსკო-ს თავჯდომარე ამომრჩეველთა სიებში 15%-იან ცდომილებას ვარაუდობს
(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი 15%-იან ცდომილებას ვარაუდობს ამომრჩეველთა სიებში.
“თუ ჩვენ ამ მაჩვენებლით დავასრულებთ მუშაობას, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება არსებულ პირობებში”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.
ამომრჩეველთა სიებში ათასობით ამომრჩევლის გვარები არ არის, მაშინ როცა ძალიან ბევრია გარდაცვლილთა მონაცემები. სიების შესწორების ბოლო ვადა 26 ოქტომბერია.
თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ამომრჩევლის გვარი კვლავ არ იქნება სიაში, მას შეუძლია 28 ოქტომბრამდე სასამართლოს მიმართოს.
ცსკო-ს თავჯდომარის განცხადებამ 15%-იანი ცდომილების შესახებ ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხმების ეს რაოდენობა სახელისუფლებო ბლოკის მიერ იქნება გამოყენებული.
“ხმების ეს რაოდენობა საკმაოდ დიდია არჩევნების შედეგების შესაცვლელად”, – აღნიშნა გამყრელიძემ.