ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობას ბათუმში

(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მტკიცე მხარდაჭერას და გმობს ბათუმში მომხდარ ძალადობას.

აშშ-ის საელჩოს მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მიერ 5-6 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს შემოთავაზებულ არჩევნების ჩატარების მონიტორინგის სქემას, რომლის მესამე პუნქტში ნათქვამია: “ყველა პოლიტიკური მოღვაწე თავს შეიკავებს ძალადობის, მისკენ მოწოდების, მუქარისა და დაშინებისგან, საარჩევნო კამპანიის, არჩევნების მიმდინარეობისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში”.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვან საქართველოში არჩევნების ჩატარების მონიტორინგის მათ მიერ აღიარებული “ბეიკერის სქემა” და თავი შეიკავონ ძალადობისგან.

აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს სრული და ობიექტური გამოძიება და მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ინციდენტზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ.

Back to top button