ახალი ამბები

შეტაკება ბოლნისში

პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციას ძალას აჩვენებს

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის ვითარება თანდათანობით მწვავდება. დღეს ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან პირველი სერიოზული დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს ბოლნისის რაიონის პოლიციასა და სახელისუფლებო ბლოკის წევრებთან მოუვიდათ, რაც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

ერთსაათიანი შეტაკებების შედეგად ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანი დაშავდა. ინციდენტის დროს ასევე მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუმცა არავინ დაჭრილა.

ინციდენტი “ნაციონალების” ბოლნისში ჩასვლასა და წინასაარჩევნო კამპანიის გამართვის მცდელობას მოჰყვა. ისინი ასევე აპროტესტებდნენ 25 სექტემბერს თბილისში ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლნისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ქამალ მურადხანოვის მომხრეების დაკავებას და 380 მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტს.

“ბოლნისის მისასვლელი გზა ჩვენ გამგეობის თანამშრომლებმა და პოლიციამ გადაგვიკეტეს და ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ ჩვენ შეჩერებას, მათი მხრიდან გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიც, ბევრია დაშავებული”, – განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლნისიდან თბილისში დაბრუნებულმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლნისში ჩასული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მაინც შეძლეს რაიონის ცენტრში შესვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა.

“ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა და ჩვენი ჩასვლით კმაყოფილები იყვნენ. ჩვენი გამოჩენა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწყობდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლნისში შესული ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათთან მისულ რაიონის გამგებელ ზურაბ ჯაფარიძეს.

“მე მხოლოდ იმის გამო გამოვჩნდი, რომ გამეგო, თუ სად აპირებდნენ ნაციონალები შეხვედრის გამართვას. მათმა წევრებმა კი ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, სახელისუფლებო ბლოკში ყოფნის მიუხედავად ორი დღის წინ ბოლნისში ჩასულ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დახვდა და მათ შეხვედრასაც დაესწრო.

ბოლნისში მომხდარი ინციდენტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

“ყველა, ვინც საქართველოს კანონს არღვევს, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა, თუ ჩვენი რიგებიდანაა, სათანადო პასუხი უნდა აგოს”, – ასეთი კომენტარი გაუკეთა ბოლნისში მომხდარ ფაქტს სახელმწიფო მინისტრმა.

აღნიშნული დაპირისპირება არღვევს ე.წ. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯემის ბეიკერის მიერ ქართული მხარისთვის შეთავაზებულ საარჩევნო ფორმულას, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნების დღეს და მას შემდეგაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავი უნდა შეიკავოს ძალადობისგან, პროვოცირებისაგან, მუქარისა და დაშინებისაგან.

ნაციონალებსა და სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებს შორის ვითარება ჯერ კიდევ 25 სექტემბერს მათი მაჟორიტარი კანდიდატის კამალ მურადხანოვის მომხრეების დაკავების და 380 პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ დაიძაბა.

როგორც თავად მურადხანოვი აცხადებდა პასპორტები ხელმოწერების შეგროვების მიზნით ჩამოიტანეს თბილისში, რადგან ორი დღის წინ მურადხანოვი არ შეუშვეს ბოლნისში.
  
პასპორტების დაკავების ფაქტი ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, სახელისუფლებო ბლოკის სახელით ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მამალაძემ არჩევნების გაყალბების მცდელობად შეაფასა, რასაც ნაციონალების განრისხება მოჰყვა და გადაწყდა, რომ 26 სექტემბერს ბოლნისში საპროტესტო აქცია გაიმართებოდა, რაც დაპირისპირებით დასრულდა.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად როგორც ჩანს ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს შორის ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება და ამომრჩეველი კიდევ ბევრი დაპირისპირების მომსწრე გახდება. 
 
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button