
ენერგოკრიზისი რუსული კომპანიების ბრალი არ არის, – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს საქართველოს ენერგოსექტორში რუსული კომპანიების “რაო-ეეს”-ის და “გაზპრომის” შემოსვლას და აცხადებს, რომ კომპანიები ნორმალურად იმუშავებენ თუ შესაბამისი ხელშეწყობა იქნება.
“ამერიკულმა კომპანიამ მიატოვა საქმიანობა და საქართველო დატოვა, ამის გამო სხვა გამოსავალი არ იყო. ქვეყანაში ენერგოკრიზისი კი რუსული კომპანიების ბრალი არ არის. რომ არ არსებობდენენ არაადამიანები, რომლებიც დივერსიულ აქტებს აწყობენ ენერგოგადამცემ ხაზებზე სულ სხავნაირი ვითარება იქნებოდა”, – განაცხადა რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, ენერგომომარაგების მხრივ ვითარება მაშინ გამოსწორდება, როცა მოხდება დამნაშავეთა დაკავება და დასჯა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. პრეზიდენტის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში უკვე შესაძლებელი გახდება რუსეთიდან დამატებითი 250-300 მგვტ ენერგიის იმპორტი.
აქამდე ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის “კავკასიონის” დაზიანების გამო ვერ ხორციელდებოდა. ბოლო პერიოდში გადამცემი ხაზების ხელოვნურად, დაუდგენელი პირების მიერ დაზიანების მეშვიდე შემთხვევა დაფიქირდა.