
შევარდნაძე მიესალმება ვაჟა ლორთქიფანიძის სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანებას
(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს სახელისუფლებო ბლოკში “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა” და მისი ლიდერის ვაჟა ლორთქიფანიძის გაერთიანებას.
“იგი გამოცდილი პიროვნებაა, წარსულშიც პოზიტიურ როლს ასრულებდა, აქვს ყველაზე მკაცრ ოპონენტებთან ურთიერთობის დამყარების ნიჭი. სავსებით შესაძლებელია, რომ მან ბლოკის საარჩევნო სიებში პირველი ადგილი დაიკავოს”, – განაცხადა თავის დღევანდელ ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, ვაჟა ლორთქიფანიძის სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანება სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ინიციატივით მოხდა. ედუარდ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სახელისუფლებო ბლოკთან მიერთება დადებით როლს ითამაშება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირებაში.
“ევროპარლამენტში უმრავლესობას ქრისტიან-დემოკრატები წარმომადგენენ. ეს კიდევ იმის დადასტურებაა, რომ ქვეყნის ინტერესები ევროატლანტიკურ სივრცისკენ სწრაფვაა და არჩევნების წინ საგარეო კურსის შეცვას ადგილი არ აქვს”, – აცხადებს პრეზიდენტი.
ვაჟა ლორთქიფანიძის სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანების შესახებ პირველად 5 სექტემბერს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.