ახალი ამბები

ეუთო საქართველოს წამების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ეუთო-ს მისიის მიერ 7 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 2003-2005 წლების წამების წინააღმდეგ ეროვნულ მოქმედებათა გეგმაზე შეთანხმდნენ.

გეგმას, რომელიც ეუთოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთობლივი პროგრამის შედეგია, მაისში ჩაეყარა საფუძველი და საქართველოში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფართომასშტაბიან პროგრამას წარმოადგენს.

მისი მიზანია ქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სტარნდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

“ეს მთავარი ნაბიჯია საქართველოში წამების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში”, – განაცხადა საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჰანს ვესელინგმა გეგმის პრეზენტაციაზე.

მოქმედებათა გეგმა პრეზიდენტს წარედგინება განსახილველად. მოსალოდნელია, რომ იგი, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რამდენიმე დღეში შევა ძალაში. 

Back to top button