
დეპუტატები ჯორბენაძეს პასუხს თხოვენ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხზე
(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის წევრმა, ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარემ გია ბარამიძემ 10 აპრილის პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მოწვევის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში, როცა პარლამენტის არალეგიტიმურობაზე საუბრობს.
“ეს არ არის ქუჩაში, ქუჩის კაცის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს არის სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფოში მესამე კაცის მიერ გაკეთებული განცხადება. მას, როგორც აცხადებს, გააჩნია არჩევნების დროს 300-400 ათასი გაყალბებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზე თითქოს დაკომპლექტდა ეს პარლამენტი. მისი მხრიდან ასეთი განცხადება სახელისუფლო კრიზისის მომასწავებელია,? – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და წარმოადგინოს ეს დოკუმენტი, თუ ეს ასეა, მაშინ არალეგიტიმური ხდება თავად სახელმწიფო მინისტრის და მთავრობის დანარჩენი წევრების მუშაობა.
ამას მხარს უჭერენ “გაერთიანებული დემოკრატების” წევრები და თავად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძის განცხადებით, ამ საკითხს მთავრობა ფრთხილად უნდა მოეკიდოს, ვინაიდან, შესაძლოა, ამას საშიში ტენდენცია მოჰყვეს. ბურჯანაძემ ასევე მოითხოვა სახელმწიფო მინისტრის მხრიდან დოკუმენტების წარმოდგენა.