ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩი ბრიტანული ავიაკომპანიისთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ცდილობს

(თბილისი, 9 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, ბრიტანეთის ელჩი დებორა ჯოუნსი აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა ბრითიშ მედითერანიან ეარვეისთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს.

ბრითიშ მედითერანიან ეარვეისი, რომელიც “ბრითიშ ეარვეისის” შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, 30 მარტამდე კვირაში სამჯერ ახორციელებდა რეისებს ლონდონსა და თბილისს შორის. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 15 აპრილამდე შეიზღუდა რეისების რაოდენობა კვირაში ორ რეისამდე,  რის შემდეგაც ფრენის უფლება კომპანიას საერთოდ ჩამოერთმევა.

საქართველოს პარლამენტის მტკიცებით საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ხელშეკრულება, რომელიც ბრიტანული ავიაკომპანიისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს მხოლოდ პარაფირებულია. ამიტომ პარლამენტის დადგენილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ხელი მოაწეროს და პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარმოადგინოს აღნიშნული ხელშეკრულება.

როგორც საქართველოში ბრიტანეთი ელჩი აცხადებს ამ მხრივ მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ხელშეკრულების პროექტი ხელმოსაწერად მზად არის.

Back to top button