ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მაყურებელთა გარეშე ჩატარდება

(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – უეფა-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა 15 აპრილს დაადგინა, რომ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში 30 აპრილს უნდა შედგეს, მაყურებელთა გარეშე უნდა ჩატარდეს.

ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 29 მარტს საქართველო-ირლანდიის თამაშის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ქართული ნაკრების გულშემატკივართა ტრიბუნიდან ვიღაცამ დასაკეცი დანა ისროლა, რომელიც ირლანდიის ნაკრების ნახევარმცველს კევინ კილბეინს მოხვდა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი გასული წლის ოქტომბერში შეწყდა “ლოკომოტივის” სტადიოის ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო, რის შემდეგაც დაინიშნა ახალი თამაში.

Back to top button