
თამაზ ნადარეიშვილი ჰააგაში გაემგზავრება
(თბილისი, 25 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი დღეს ჰააგაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს 28 აპრილს დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხს ეხება.
კონფერენცია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ეწყობა და განხილული იქნება აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და ჩეჩნეთის საკითხი. კონფერენციაზე თამაზ ნადარეიშვილი დამატებით მასალებს წარადგენს აფხაზეთის კონფლიქტის დროს ქართველების მიმართ განხორციელებული გენოციდის შესახებ.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში განაცხადი გენოციდის დამადასტურებელი მასალებითურთ ჯერ კიდევ ამა წლის მარტის თვის ბოლოს წარადგინეს. სასართლომ მასალები შესასწავლად მიიღო.