
შევარდნაძეს ოპოზიციის გაერთიანების საწინააღმდეგო არაფერი აქვს
(თბილისი, 16 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციური პარტიების გაკრიტიკებისგან თავს იკავებს, თუმცა მან ყველას შეახსენა, რომ არ დაივიწყონ ის დახმარება, რაც პარტიების ლიდერებმა ხელისუფლების მხრიდან მიიღეს. “დავით გამყრელიძე და მისი გუნდა კარგი ბიჭები იყვნენ, როცა “მოქალაქეთა კავშირში” იყვნენ. ახლა ისინი შეიძლება კარგი ბიზნესმენები არიან, მაგრამ კარგ პოლიტიკოსებამდე ჯერ ბევრი დრო დასჭირდებათ. მიხელი სააკაშვილისგან, როცა ასეთი პოპულისტური განცხადებები მესმის პრეზიდენტის წინააღმდეგ ნათქვამი, ვღიზიანდები. ფიზიკურ დატვირთავში მართალია ვერ ვაჯობებ, ხოლო დანარჩენში შემწვეს ძალა ვაკეთო ჩემი საქმე და ვაკეთებ კიდეც. თუ რამე სერიოზული კომპრომატი გააჩნიათ და დაამტკიცებენ, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ, მაშინ მზად ვარ პრეზიდენტად აღარ დავრჩე. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, მასზე იმდენი მაქვს ნალაპარაკები, რომ რა ვთქვა არ ვიცი, ერთს ვიტყვი, ღმერთმა ხელი მოუმართოს”, – ასეთი შეფასება მისცა ოპოზიციის ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის პირდაპირ ეთერში. ედუარდ შევარდნაძეს საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ოპოზიცია არჩევნების წინ გაერთიანდება. “მე ვერ მოუწოდებ მათ გაერთიანებისკენ, მაგრამ თუ ამას მოახერხებენ, მე მხოლოდ მივესალმები”, – აცახადებს შევარდნაძე. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავის შესაძლო მემკვიდრის კანდიდატურებზეც, თუმცა, მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. “ბევრი მიფიქრია ამაზე, თუ ვინ იქნება ჩემი შემცვლელი. არსებობს რამდენიმე პიროვნება, რომელიც გამორჩეულია თავისი ღირესებებით, თუმცა შეგნებულად არ დავასახელებ მათ ვინაობას. ეს მათი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ხომ ვიცი, რა წესები გვაქვს. როგორც კი ვინმე წინ წაიწევს, მაშინვე მის საწინააღმდეგო კომპრომატების დასახელება დაიწყება”, – განაცხადა შევარდნაძემ. მისი თქმით, მოვა დრო და დაასახელებს თავის მემკვიდრეს. მან ასევე თავი შეიკავა პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შესაძლო დასახელებისგან და განაცხადა, რომ მას დიდ პატივს სცემს, თუმცა, ამ საკითხზე ბურჯანაძესთან მას არ უსაუბრია და ამის გამო ვერაფერს იტყვის. “შეცდომის დაშვების უფლება კი არ მაქვს”, – განაცხადა შევარდნაძემ.