
შევარდნაძეს მიაჩნია, რომ ტრეფიკინგი საქართველოში საგანგაშო არ არის
(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზვიადებულს უწოდებს ინფორმაციას საქართველოში ტრეფიკინგის შემთხვევების გახშირების თაობაზე.
“რამდენიმე წლის წინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არავინ იცოდა, დღეისათვის კი არსებობს ამის შემთხვევები. თუმცა, ვფიქრობ, საგანგაშო ჯერ-ჯერობით არაფერია და აშშ-ს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საკითხი ცოტა გაზვიადებულია”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
ამის მიუხედავად, იგი მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინოს აშშ-ის მთავრობის შენიშვნა და აცხადებს, რომ თვითკრიტიკული უნდა ვიყოთ და ასეთ შემთხვევაში დაწვრილებით შევისწავლოთ ეს საკითხი.
ადამიანთა ტრეფიკინგის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 11 ივნისს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, “საქართველოს მთავრობა იმ მინიმუმ სტანდარტებსაც კი არ ასრულებს, რაც აუცილებელია ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად”.
მოხსენების თანახმად, “იმ მთავრობებს, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ ამ მიმართულებით, პოტენციური სანქციები ემუქრებათ”.