ახალი ამბები

სემეკი სადამსჯელო სანქციების განხორციელებას 2-3 დღეში შეუდგება

(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის რიგგარეშე სხდომა დღეს ენერგოსექტორში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის განხილვის მიზნით გაიმართა, რომელსაც ენერგოსექტორის ყველა უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომისიას უნდა განეხილა ორი საკითხი “ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის გარ ალნიაზოვის წერილი, რომლის მიხედვით კომპანიას საკმარისი რაოდენობის ენერგია არ მიეწოდება და მეორე, კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების დოკუმენტის გაფორმების პირობის არშესრულება.

დღევანდელ სხდომაზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ კომისიის თავმჯდომარეს ელიზბარ ერისთავს დღის წესრიგში დამატებით საკითხად კომპანიის მიერ მოსახლეობიდან უკანონოდ ფიქსირებული გადასახადების ამოღების საკითხის განხილვა მოთხოვა.

“კომპანია უხეშად არღვევს გასული წლის 30 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აიკრძალა ფიქსირებული გადასახადების ამოღება”, – განაცხადა სხდომაზე ინჯიამ.

ელიზბარ ერისთავმა დღის წესრიგში საკითხის დამატებაზე უარი განაცხადა, თუმცა დაპირდა, რომ საკითხს მომავალ სხდომაზე განიხილავს.

“ჩემი მოთხოვნა იქნება, თავი შეიკაოთ პოლიტიკური განცხადებებისაგან, ეს აპოლიტიკური ორგანოა. ამ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა ელიზბარ ერისთავმა.

ლეიბორისტებმა ასევე პროტესტი გამოთქვეს ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო და კატეგორიულად მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის მოსმენა და მდგომარეობის გამოსწორება. ამან ენერგეტიკოსებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის დაპირისპირება გამოიწვია, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. ლეიბორისტებმა და ასევე თბილისის საკრებულოს წარმომადგენლემბა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

4 საათიანი მუშაობის შემდეგ სემეკ-მა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომისიის წევრების განცხადებით, ისინი მზად არიან 2-3 დღეში გამოიტანონ სადამსჯელო სანქციები “ეი-იე-ს თელასსა” და ყველა იმ ენერგოკომპანიის მიმართ, რომლის შედეგადაც გრძელდება ენერგოკრიზისი. სემეკი ადასტურებს იმას, რომ კრიზისის ძირითადი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა, ენერგოდეფიციტი და მართვაში შეუთანხმლებლობაა. 

Back to top button