ახალი ამბები

შევარდნაძე მინისტრებს გათავისუფლებით ემუქრება

(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ეკომომიკური გუნდის მინისტრებს უკეთ მუშაობისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრება.

“იანვარ-თებერვალში მომხდარ მოვლენებს გამართლება არ აქვს, თქვენ ჩაგაბარეთ ეს უწყებები,  კეთილი ინებეთ და შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობა, არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაზე ნუ ფიქრობთ, თორემ იმ არჩევნების წინ მოგხსნით”, – განაცხადა შევარდნაძემ დღეს კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრეზიდენტის გაცხარება სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმით, დღემდე ვერ მოხერხდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციის ვერც ერთი მუხლის შესრულება.

ისაკაძის ინფორმაციით, ასევე საეჭვოა პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმის შესრულება.

დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისის შესახებაც იმსჯელეს. საქართველოს რეგიონების რწმუნებულებმა პრეტენზია გამოთქვეს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ. პრეზიდენტმა კი მათ მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდის მექანიზმის შემუშავება მოთხოვა, მინისტრს კი ამ საკითხის შესწავლა და მოგვარება დაავალა.

Back to top button