
მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში განახლდა სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესი
(თბილისი, 8 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში განახლდა ქართველი მესაზღვრეების მიერ გასული წლის აგვისტოში დაკავებული სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესი, რომლებიც მოითხოვენ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ რუსეთში მათი ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ იქნას აღიარებული.
პროცესზე წარმოდგენილი იყო რუსეთის პროკურატურის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალა, რომლებზეც დაკავებულები არიან აღბეჭდილნი. ჩეჩენთა ადვოკატებმა წარმოდგენილი ფოტომასალის ხელახალი ექსპერტიზა მოითხოვეს.
“ეს ფოტოები საქართველოშია გადაღებული, არ გამოვრიცხავთ, რომ საპყრობილეში, სადაც დაკავებულები არიან მოთავსებულნი. ამიტომ ამ მასალის საქმეში ჩართვა ჯერ ნაადრევია და საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დაკავებულთა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.
სასამართლო პროცესზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი გამოცხადდა, რომელსაც უნდა წარმოედგინა დოკუმენტი იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება არ ააქვს დაკავებულების ექსტრადირება მოახდინოს.
სამინისტროს წარმომადგენლის ზურაბ მშვიდობაძის განცხადებით, იგი სულ ორი კვირაა, რაც ლტოლვილთა საკითხების შემსწავლელი სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა და აქედან გამომდინარე, საქეში ჩახედული არ არის.
მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა იგი არაკომპეტენტურ პირად მიიჩნია და სასამართლო პროცესიდან დაითხოვა. ადვოკატებმა სამი შუამდგომლობა დააყენეს და მოითხოვეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოთარ ყეინაშვილის დაკითხვა მომავალ პროცესზე, ასევე საქმეში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლების ჩართვაც, თუმცა ეს უკანასკნელი შუამდგომლობა, პირველისგან განსხვავებით, არ დაკმაყოფილდა.
ადვოკატების მესამე შუამდგომლობა ერთ-ერთი პატიმრის ჰუსეინ ალხანოვისთვის დაუყოვნებლივ სახის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას და ამის გამო სასამართლო პროცესიდან განთავისუფლებას ეხებოდა. პროცესზე წარმოდგენილი იყო მკურნალი ექიმის წერილი, სადაც ასახული იყო ალხანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოსამართლემ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან არსებული საავადმყოფოს ექიმების დასკვნა.
სასამართლო პროცესი 10 მარტს გაგრძელდება.