
ახალი ამბები
შევარდნაძე პუტინს აფხაზეთზე ესაუბრება
(თბილისი, 3 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას პირისპირ შეხვედრის თაობაზე.
“ბოლო პერიოდში რუსეთთან თანამშრომლობა უფრო კონსტრუქციულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც სასიამოვნო და მისასალმებელია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, პუტინთან შეხვედრაზე იგი აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს დააყენებს და უფრო დეტალურ განხილვას ეცდება.
“მე ამ შეხვედრისგან არ ველი რაიმე რადიკალურ ცვლილებებს და სენსაციურ წარმატებებს, მაგრამ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის” განაცხადა შევარდნაძემ.
საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.