
შევარდნაძე აქტიურ მუშაობას მოითხოვს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად
(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აქტიურ მუშაობის დაწყებას მოითხოვს ყველა იმ სტრუქტურის, პარლამენტისა და ცალკეული პარტიებისგან, რომლებიც საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობენ. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა, საქმე კი ბევრია გასაკეთებლად.
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ეს ჩვენთვის მთავარი ქვაკუთხედი უნდა გახდეს. ამისათვის ყველა პარტიას უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, შემდეგ მოხდეს საჯარო განხილვა და კონსესუსის მიღწევა, რაც არჩევნების ნორმალურად ჩატარების საწინდარი გახდება”, – განაცხადა დღეს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, არჩევნები უნდა გახდეს სამოქალაქო შეთანხმების საფუძველი. იგი იმედოვნებს, რომ პარტიები და პარლამენტი საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ საარჩევნო კანონის სრულყოფისათვის.
ამ საკითხზე ასევე მუშობს სპეციალური კომისია, რომელსაც საპარლამენტო მდივანი მარიამ ცაცანაშილი ხელმძღვანელობს.