ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგენს

(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონალურმა სამმართველომ უკვე დაიწყო მუშაობა სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანთან მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის დასადგენად.

საბოლოო დასკვნა ზარალის შესახებ, სავარაუდოდ, 2 დღეში გახდება ცნობილი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დაბინძურებულია მინარე ხევისწყლის სანაპიროები 1 კილომეტრამდე მანძილზე.
 
მომხდარი ფაქტისთვის დივერსიის კვალიფიკაციის მინიჭებისგან სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ჯერ თავს იკავებს. სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი უკვე გასულია ადგილზე და მიმდინარეობს გამოძიება.

დივერსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს რკინიგზის დეპარტამენტი. ამის შესახებ თვითონ დეპარტამენტის თავმჯდომარემ აკაკი ჩხაიძემ განაცხადა.

ავარია რკინიგზაზე სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანთან დღეს დილის 3 საათზე მოხდა. ნავთობით დატვირთული სამი სამოცტონიანი ცისტერნა ხიდის ჩანგრევის შედეგად მდინარე ხევისწყალში ჩავარდა.

Back to top button