
ახალი ამბები
რუსეთმა ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის დაკავების ორდერი გასცა
(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 30 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვკისა და მისი პარტნიორების ბადრი პატარკაციშვილისა და იულია დუბოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. რუსეთის გენერალური პროკურატურა მათ “ავტოვაზისთვის” დიდი რაოდენობით ავტომობილების მოპარვაში სდებს ბრალს. ბადრი პატარკაციშვილი გასული წლიდან საქართველოში იმყოფება. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში ოფიციალურად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და ბადრი პატარკაციშვილის ექსტრადირება მოითხოვა. ბერეზოვსკი ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ის ამტკიცებს, რომ ბრალდებას სარჩულად პოლიტიკური მოტივი უდევს. 1989 წელს ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა ჩამოაყალიბეს კომპანია “ლოგოვაზი”, რომელიც “ავტოვაზის” ოფიციალური დილერი იყო.