
რუსეთი ალყაში – შეიარაღებული და ძლიერ სახიფათო
პუტინის რუსეთი ჩეჩნეთის ძალადობის სპირალმა ჩაითრია. ომსა და შურისძიებაზე ფიქსაცია დამანგრეველია მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, დიდი უნდა იყოს ის თუ პატარა. ხოლო რუსეთი, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს რეპრესიული კომუნისტური რეჟიმის ბორკილებს, ამგვარმა სიმპტომებმა შესაძლოე ბრმა ძალადობისაკენ გადაისროლოს იმათ წინააღმდეგ, ვინც სხვანაირად გამოიყურება ან სხვაგვარად ფიქრობს. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ საერთაშორისო ტერორიზმი ისეთივე საფრთხეა, როგორც “მასიური განადგურების იარაღი” და აცხადებს, რომ რუსეთი “პროპორციულ” პასუხს გაცემს ასეთ საფრთხეს ყველგან “სადაც კი არ უნდა იყვნენ ტერორისტები, ან მათი დანაშაულის სულისჩამდგმელები, მორალური და ფინანსური მხარდამჭერები”. ეს ძალზედ სახიფათოა. რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ შემაშფოთებლად ცოტა ადამიანი შეზარა რუსი სამართალდამცავების განცხადებამ, რომ მძევლებს შორის 10% მსხვერპლი “ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა”. კიდევ უფრო ნაკლებმა იკითხა, თუ რატომ დაიღუპა ტერორისტების 100% თუკი შტურმის დროს გამოყენებული გაზის ზემოქმედებამ ზოგიერთი მათგანი მაინც არაქმედითუნარიანად აქცია. საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გაწირვა “ბოროტებასთან” ბრძოლისას სწორედ ძველი “ბოროტების იმპერიის” კარგად ნაცნობი ჩვევაა. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მოსკოვის მოვლენებმა ძალიან ბევრში გააღვიძეს 1989 წლის 9 აპრილის მტკივნეული მოგონება. მაშინ საბჭოთა ჯარებმა საქართველოს დედაქალაქში მშვიდობიანი მიტინგის წინააღმდეგ სასიკვდილო გაზი გამოიყენეს. საბჭოთა ხელისუფლებამ არც ამ გაზის სახელი გაამხილეს და არც შრატი მისცეს ექიმებს რითაც მრავალი ადამიანის, თავიანთივე თანამოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენეს. მაშინაც, როგორც ამ დღეებში, სამხედროებმა განაცხადეს, რომ “სეპარატისტების” მხრიდან მომდინარე საფრთხეს სათანადო პასუხი უნდა გასცემოდა. როგორც ჩანს უშიშროების ძალებმაც და პოლიციამაც ჯერ კიდევ ვერ მოიშორეს დემოკრატიასთან სრულიად შეუთავსებელი ჩვევები. ბედის ირონიაა, რომ ვლადიმერ პუტინი სწორედ იმ ანატოლი სობჩაკმა აიყვანა თავის ადმინისტრაციაში, რომელიც თბილისში გაზის გამოყენების საქმეში მთავარი დამოუკიდებელი გამომძიებელი იყო. ჩანს, პუტინს თავისი უფროსისა და გამზრდელისაგან ბევრი არაფერი უსწავლია. მოსკოვის ტერაქტი ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო მხარე შემაძრწუნებელია, მაგრამ ასევე სახიფათოა შესაძლო სამხედრო შედეგებიც. ჩეჩნეთის ომი, მოსკოვის შტურმი, რუსეთის სექტემბრის ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ მეტყველებენ იმაზე, რომ ამ ქვეყანას უბრალოდ არ შეუძლია ზუსტი, “წერტილოვანი” სამხედრო დარტყმების განხორციელება. როდესაც პუტინი უბრძანებს გენერალური შტაბის უფროსს “გადახედოს” ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების გეგმებს “ყველგან”, იგი მსოფლიო ომისათვის გამოზრდილ სამხედრო გოლიათს ბუზისოდენა სამიზნეს უსახავს. პუტინმა კარგად იცის, რომ გოლიათის დარტყმა აუცილებლად ასცდება მიზანს, მაგრამ თანამდევი უდანაშაულო მსხვერპლი მას არ ადარდებს. რუსეთის პარლამენტის წევრი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “კრემლის თუთიყუში”, როგორც მას ერთ-ერთმა გაზეთმა შეარქვა, აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეადგინოს “ბოროტების ღერძის” საკუთარი სია და საქართველო ამ სიაში პირველი უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან დროულად (და ძალიან მართებულად) გამოხატეს თავიანთი თანაგრძნობა მძევლად აყვანილი ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, მათ კიდევ უფრო ოპერატიულად დაუჭირეს მხარი კრიზისის გადასაჭრელად პუტინის ადმინისტრაციის მოქმედებას. თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნა, რომ მსხევრპლი “გარდაუვალი იყო.” თუმცაღა ეს მოთაფვლის პოლიტიკა ძალზე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველო, რომელიც უკვე შეტანილია რუსი სამხედროების “პრევენტიული” დარტყმების სამიზნეთა სიაში, პირველი უნდა გამოხატავდეს თავის შეშფოთებას რუსეთში მზარდი აგრესიულობის მიმართ. როგორც უკვე მრავალი წყარო იტყობინება, რუსეთის პოლიციამ დაიწყო ქვეყანაში მყოფი ყველა ჩეჩენის თითის ანაბეჭდების შეგროვება. რუსეთის უშიშროების ძალების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ყველა ქალაქში “ანტიტერორისტული ცენტრების” შექმნის იდეა წამოაყენეს. ამ ცენტრების უპირველესი მიზანი არალეგალური იმიგრანტების დევნა იქნება. ქართულმა მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ ბევრი მათგანი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდება. “კავკასიური ეროვნების პირების” დარბევებიც ასევე აღარ არის იშვიათი მოვლენა რუსეთში. თავისუფალ მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე კონტროლის ზრდამ, ჩეჩნეთში და მოსკოვში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო გაზის გამოყენების უდაო ფაქტმა, სამხედრო დარტყმების ღია მუქარამ აღარ უნდა დატოვონ ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში ილუზიები, რომ მოთაფვლამ შესაძლოა რაიმე შედეგი მოიტანოს. ქართულმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს წინასწარი პოლიტიკური ზომები რუსეთში თავისი მოქალაქეების და, მომავალში, საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მას შეუძლია იმისათვის, რომ რუსეთის სახელმწიფო მოხელეები ნებისმიერ მოსახერხებელ შემთხვევაში იარაღზე არ იყურებოდნენ. ამისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ სახელმწიფოებთან და ინსტიტუტებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიებისა და რუსეთში სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მზარდი ზეწოლის შესამცირებლად. მარტივად რომ ვთქვათ, ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საერთო განწყობას როგორც რუსეთში, ასევე მთელ მსოფლიოშიც. ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯიამოსკოვის ტერაქტმა რუსეთის მთავრობაში “ალყაშემორტყმული ციხის” მენტალიტეტი გააძლიერა და აგრესიულ მოქმედებას ნოყიერი საკვები გაუჩინა რაც საგრძნობლად შეაფერხებს ქვეყნის სამოქალაქო განვითარებას. ეს ძალიან ცუდი პერსპექტივაა რუსეთის მეზობლებისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.