
ედპ საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმება ითხოვს
(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ის აცხადებს, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. “პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოსთვის მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, როდესაც ხელისუფლება გუნდური პრინციპით იმუშავებს. დღეს კი ქვეყანას მხოლოდ ერთი პირი _ ედუარდ შევარდნაძე მართავს”, განაცხადა ‘სივილ-ჯორჯიასთან” საუბარში ქალბატონმა სარიშვილი-ჭანტურიამ. იმისათვის, რომ საინიციატივო ჯგუფის მხრიდან ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პარლამენტში შევიდეს, 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერის წარდგენაა საჭირო. ედპ ხელმოწერების შეგროვებას ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს. მანამადე კი, როგორც ირინა სარიშვილი-ჭანტურია აცხადებს, პარტიაში დეტალები შეთანხმდება და შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდება.