ახალი ამბები

“აუცილებელია პოლიტიკური კურსის კორექტირება”

ჯემალ გოგიტიძე
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი,
ყოფილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია აღორძინების წევრი

ყოფილი უმცირესობის ლიდერი ჯემალ გოგიტიძე ფრაქცია “აღორძინების” მიერ პარლამენტის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას დადებით შეფასებას აძლევს. იგი აღნიშნავს: “აღორძინებას არ შეიძლება არ ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური ამბიცია, მითუმეტეს როდესაც ამხელა ბლოკზეა საუბარი. ასე რომ დადგა დღის წესრიგში ჩემი კანდიდატურის დასახელება”.

სპიკერობის კანდიდატთა შანსებზე საუბრისას გოგიტიძე დასძენს: “შანსი ალბათ ყველას თანაბარი გვაქვს. მაგრამ დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ არის სიამოვნება იყო პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ არეულ სიტუაციაში”.

ინტერნეტ ჟურნალ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ჯემალ გოგიტიძე ადასტურებს რომ მას კონსულტაციები ჰქონდა თითქმის ყველა საპარლამენტო ძალასთან, თუმცა აქვე წუხს იმაზე რომ ფრაქციები “ძალიან ხშირად ერთს გეუბნებიან და მეორეს აკეთებენ”.

ფრაქციებს შორის კონსულტაციებთან დაკავშირებით ყოფილი უმცირესობის ლიდერი უკმაყოფილოა “მოქალაქეთა კავშირის” საქციელით: “ჩვენ მივიჩნიეთ სერიოზული კონფრონტაციის დასაწყისად “მოქალაქეების” მიერ ბურჯანაძის კანდიდატურის ყოველგვარი შეთანხმების გარეშე წამოყენება. ჩვენ ასე არ მოვქცეულვართ. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ გვექნებოდა კონსულტაციები ყველასთან.”

ჯემალ გოგიტიძე ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ რომ პარლამეტის თავჯდომარის არჩევნებში სავარაუდოდ მეორე ტურამდე მივა საქმე და მასში გასვლას თავის თავსაც უწინასწარმეტყველებს.

პარლამენტის თავმჯდომარის საერთო კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის შეთახმების თაობაზე გოგიტიძე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და დასძენს: “ეს რომ ასე ყოფილიყო, ალბათ ჩემი კანდიდატურა აღარ დადგებოდა”.

პარლამენტის სპიკერის პოსტზე თავისი კანდიდატურის გამარჯვების შემთხვევაში გოგიტიძეს აუცილებლად მიაჩნია როგორც საგარეო ასევე საშინაო კურსის კორექტირება. “ჩვენ აბსოლუტურად რადიკალურები ვართ ყველა მიმართულებით. ცვილებები უნდა მოხდეს როგორც რუსეთთან ისევე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. არ შეიძლება განახროციელო პოლიტიკა რომელიმე ქვეყნის ხარჯზე ან რომელიმე ქვყნის დაკვეთით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ანგარიშგასაწევია ჩვენი ყველა უახლოესი და შორეული მეზობელი” – აცხადებს ჯემალ გოგიტიძე.

უმცირესობის ყოფილ წევრს მიაჩნია, რომ “ავტონომიური რესპუბლიკა უნდა ღებულობდეს გაცილებით უფრო აქტიურ მონაწილეობას ქვყნის მართვაში, ვიდრე დღემდე. ეს უნდა იყოს სამაგალითო თუნდაც აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მომავალი ურთიერთობებისთვის”. გოგიტიძის აზრით საკითხისადმი ასეთი მიდგომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოგვიტანს.

პრეზიდენტის მიერ ასლან აბაშიძისათვის პრემიერ მინისტრის პოსტის შეთავაზების თაობაზე ჯემალ გოგიტიძე აღნიშნავს: “ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს მინისტრთა კაბინეტის არსებობას, და შესაძლებლად მიგვაჩნია პრემიერ მინსიტრის რანგში ნებისმიერი ადამიანის ხილვა. ასე რომ გადაწყვეტილება თვითონ აბაშძემ უნდა მიიღოს. თუმცა ეს დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. აბაშიძე რომც დათანხმდეს, მე ვთვლი რომ ის პიროვნულად ბევრს ვერაფერს ვერ მიიღებს გარდა უამრავი სერიოზული პრობლემისა რომელთა გადაწყვეტაც მას დაეკისრება”.
 
კითხვაზე თუ ვის დაუჭერს მხარს აღორძინება თუ მისი კანდიდატურა მეორე ტურში ვერ გავიდა, გოგიტიძე მოკლედ პასუხობს: “ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი”

Back to top button