
საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად აღარ არსებობს
“ახალი თაობა”, “რეზონანსი” საქართველოს პარლამეტში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი დაჩქარებული ტემპით გრძელდება. ფრაქცია მოქალაქეთა კავშირიდან და უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. “ახალი თაობის” ინფორმაციით, მოქალაქეთა კავშირი უკვე 20-მა დეპუტატმა დატოვა. უახლოეს დღეებში მოქკავშირის ბაზაზე შეიქმნება ახალი ცენტრისტული ფრაქცია, რომელსაც თანადგომა ერქმევა. “რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება პრეზიდენტის დასაყრდენი ძალა იქნება და გაემიჯენბა რადიკალ-რეფორმატორებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბოლო დროს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ”, აცხადებს გაზეთი. აღსანიშნავია, რომ “ახალი თაობა” ახალგაზრდა რეფორმატორთა ფრთის ხშირი კრიტიკით ყოველთვის გამოირჩევა. “ოფიციალურად საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ კიდევ ცოცხლობს, რადგან მასში ფორმალურად 118 დეპუტატი ჯერაც ირიცხება. პრაქტიკულად კი იგი აღარ არსებობს”, წერს “რეზონანსი”. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დეპუტატი მაინც დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს, არსებულ უმრავლესობას ბოლო მოეღება. “ახალ თაობას” მიაჩნია, რომ ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური დასაყრდენი თვალსა და ხელს შუა ეცლება. მას მხოლოდ 40-მდე მხარდამჭერიღა შემორჩა პარლამენტში. გაზეთის ვარაუდით, ჟვანიას გუნდის წევრები გათავისუფლდებიან ყველა მაღალი თანამდებობიდან. “რეზონანსი” ცდილობს დაადგინოს, თუ როდის დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის პროცესი. “დამოუკიდებელი ექსპერტების ერთი ნაწილი იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როცა ზურაბ ჟვანიამ გაპრემიერების სანაცვლოდ ოპოზიციასთან გარიგებაზე წასვლა იუკადრისა. ოპოზიციის საზაფხულო ბოიკოტმა და სეზონურმა ერთიანობამ შედეგად უმრავლესობის დაშლა გამოიწვია”, წერს გაზეთი.