
აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ცხინვალში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საინფორმაციო სააგენტო „საპას“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქტივისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ჯაშუშობას გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ“.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო მოსმენა 24 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტები და ბრალდებულის ოჯახის წევრები სხდომაზე არ შეუშვეს. „საპას“ ცნობით, აქტივისტი უარყოფს ბრალდებებს და შიმშილობა გამოაცხადა.
„თამარ მეარაყიშვილის დაკავება მისი მიმართ განხორციელებული, 8-წლიანი დევნისა და შევიწროების პრაქტიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა 23 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც აქტივისტის უფლებებსა და ინტერესებს იცავს. „უკვე 8 წელია, ცხინვალის ხელისუფლება მას სრულ იზოლაციაში ამყოფებს და გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე ტოვებს“.
„მიუხედავად მუდმივი შევიწროებისა, ამ წლების განმავლობაში თამარს არ შეუწყვეტია ადგილობრივი უწყებების კრიტიკა – იგი საჯაროდ ამხელდა მათ კორუფციასა და უფლებების დარღვევებში, რაც მისი კიდევ ერთხელ დაკავების საფუძველი გახდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
This post is also available in: English