ამიხსენი | ბრიტანული მედია და ცილისწამების კანონები
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისი პარტია აპირებდა ბრიტანული კანონმდებლობის გადმოღებას მედიასთან, კერძოდ კი ე.წ. “ფეიკ ნიუსებთან” (ყალბ ამბებთან) დაკავშირებით და დასძინა: “თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს.” მან იქვე უარყო, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას და დაამატა “არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს.“
ჩვენ შევეცადეთ თვალის ერთი გადავლებით შეგვესწავლა ბრიტანული გამოცდილება. როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ ცილისწამებასთან ბრძოლას პირდაპირი კავშირი აქვს სიტყვის თავისუფლებასთან და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ბრიტანეთში იციან.
სახიფათო მაგალითი
დიდი ბრიტანეთი სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიისათვის სანიმუშო ქვეყნად, რომელიც განსაკუთრებულ პატივს სცემს პრესის თავისუფლებას. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნის მედიასთან და ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დიდი ხნის განმავლობაში ბევრ საჩოთირო ელემენტს შეიცავდა, რომელიც რეპრესიულ რეჟიმებს არაერთხელ გამოუყენებიათ.
ბრიტანულ სისტემაში მედიისათვის განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლებოდა ცილისწამების შესახებ საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც ორ, 1952 და 1996 წლების “ცილისწამების აქტს” ეყრდნობოდა. უკანასკნელ ხანებამდე, ეს კანონები გადაჭარბებულად იცავდა მომჩივანს და ამდენად პრესის თავისუფლების აღსაკვეთად ადვილი გამოსაყენებელი იყო.
დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა დიდწილად აბალანსებდა შესაძლო პრობლემებს, თუმცაღა 2013 წელს მაინც აუცილებელი გახდა კანონმდებლობის შეცვლა. 2024 წელს კი მიიღეს მას-მედიასთან დაკავშირებული ახალი აქტიც, რომელიც უკეთ განსაზღვრავს საჯარო ინტერესს და მის დაცვაში მას-მედიის როლს.
1952 და 1996 წლის აქტები: ღია კარი ცენზურისათვის
დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ვაჭრობის ისტორიული ფლაგმანია. საქმიანი რეპუტაცია აქ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო წარმატებისთვის. ინგლისი პრეცედენტული სამართლის აკვანიცაა, რომელიც იმით განსხვავდება კონტინენტური ევროპაში დამკვიდრებული სისტემისაგან, რომ მოსამართლეებს კანონის ინტერპრეტაციისათვის ბევრად უფრო ფართო გასაქანს აძლევს.
ცილისწამების კანონმდებლობა აქ ძველ ტრადიციას ემყარება, რომლის ამოცანაც სახელმწიფოსაგან ანდა მეტოქეებისაგან ინდივიდების, განსაკუთრებით ბიზნესმენების დაცვა იყო.
1952 წლის “ცილისწამების აქტი” სწორედ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი იყო. მასში პირველად ერთ სამართლებრივ დოკუმენტში გაერთიანდა ცილისწამებასთან დაკავშირებული პრინციპები. დემოკრატიულ სამყაროში ის ალბათ ყველაზე უფრო დიდ უპირატესობას აძლევდა მომჩივანს.
კანონი ეყრდნობოდა პრინციპს, რომ სადავოდ ქცეული გამონათქვამი მცდარად ითვლება, სანამ მოპასუხე (ჟურნალისტი ან მედია) არ დაამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტია. ამავე დროს, ის არ ავალდებულებდა მომჩივანს დაემტკივებინა, რომ ამა თუ იმ გამონათქვამით მას ზიანი მიადგა.
ამის გამო, თითქოსდა უბრალო გამონათქვამები ზოგჯერ მრავალწლიან სასამართლო დავაში გადაიზრდებოდა ხოლმე. შედეგად, ჟურნალისტები და გამომცემლები ხშირად თვითცენზურას მიმართავდნენ, რათა იურისტებისა და სასამართლო გადასახადებისაგან დაეცვათ თავი.
სწორედ ამ კანონის წყალობით, დიდი ბრიტანეთი ცილისწამების საჩივრების გლობალურ ცენტრად იქცა: უცხოელი მომჩივნები, რომელთაც ბრიტანეთთან მინიმალური კავშირი მაინც გააჩნდათ (მაგალითად, ლონდონის ბირჟაზე აქციები ანდა კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში) სწორედ ბრიტანეთში უჩიოდნენ გამოცემებს. ამგვარი “ცილისწამების ტურიზმით” განსაკუთრებით ოლიგარქები, გლობალური კორპორაციები და დიქტატორები სარგებლობდნენ. ბრიტანული მედია კი იძულებული ხდებოდა ადვოკატების და სასამართლოს ხარჯები ეხადა.
ევგენი პრიგოჟინმა, მაგალითად, 2020 წელს ბრიტანული “ბელინგკეტის” გამომცემელს უჩივლა, ჩემი კავშირები გასამხედროებულ ორგანიზაცია “ვაგნერთან” ცილისწამებააო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ საჩივარი 2022 წელს უარყო, მოპასუხეს თავის დაცვა 77 ათასი ფუნტი დაუჯდა.
ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, 1952 წლის კანონი არ იცნობდა “საჯარო ინტერესის” ცნებას, ანუ, მაგალითად სახელმწიფოში კორუფციის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ასევე შეიძლებოდა ცილისწამებად ჩათვლილიყო, თუკი ჟურნალისტი სასამართლოში ვერ დაადასტურებდა ფაქტების ჭეშმარიტებას.
ჟურნალისტები ხშირად ჩიოდნენ, რომ კანონი არ მიჯნავდა ფაქტებზე დამყარებულ ამბებს კომენტარისაგან, ანუ გაზეთში გამოთქმული მოსაზრების გასაჩივრებაც შეიძლებოდა, როგორც ცილისწამებისა და რედაქტორს ანდა კომენტატორს უწევდა მტკიცება, რომ მისი მოსაზრება უტყუარ ფაქტებს ემყარებოდა.
1996 წელს ცილისწამების აქტი განაახლეს. კანონში გაჩნდა “მორიგების” შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევდა მოპასუხეს ბოდიში მოეხადა და მოსარჩელისათვის გადაეხადა კომპენსაცია ისე, რომ სასამართლოში საქმე არ წასულიყო. თუმცაღა, შედეგად, გავლენიან პირებსა და კომპანიებს კიდევ უფრო გაუძლიერდათ ჟურნალისტებზე და გამოცემებზე ფინანსური ზეწოლის ბერკეტი. ამან განსაკუთრებით მცირე გამოცემები დააზარალა.
ამასთან, 1996 კანონში, ისევე როგორც მის წინამორბედში, მოსარჩლეს არ მოეთხოვებოდა დაემტკიცებინა, რომ ცილისწამებას ხელშესახები ზიანი მოჰყვა. საკმარისი იყო უბრალოდ მტკიცება, რომ მათ რეპუტაციას ჩრდილი მიადგა. შედეგად, კვლავაც გაგრძელდა დაუსაბუთებელი სარჩელების წარდგენა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის მიზნით (ე.წ. SLAPPs). კანონმა ვერც “საჯარო ინტერესის” განსაზღვრის მხრივ გამოასწორა ვითარება, თუმცა ეს პრობლემა 1999 წელს ცალკე კანონით ნაწილობრივ მოიხსნა.
2013: ვითარების გამოსწორების მცდელობა
2000-იან წლებში, დიდი ბრიტანეთის რეპუტაციას უკვე სერიოზული ჩრდილი მიადგა “ცილისწამების ტურიზმის” გამო, როდესაც უცხოელი ოლიგარქები, ავტორიტარი პოლიტიკოსები, კორპორტაციები ბრიტანელ ჟურნალისტებს უჩიოდნენ და ამით მათზე ზეწოლას ახდენდნენ. საყოველთაოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ ბრიტანული გამოცემები თვითცენზურას მიმართავდნენ: თუნდაც დაუსაბუთებელი სარჩელების მათ იმდენად ეშინოდათ, რომ სიმართლეს სრულად აღარ აშუქებდნენ.
ამ პრობლემების გადასაჭრელად 2013 წელს ახალი “ცილისწამების აქტი” მიიღეს, რომელმაც რამდენიმე საკვანძო ცვლილება დააკანონა. ამიერიდან:
- მოსარჩლემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას სერიოზული ზიანი მიადგა.
- უკეთ ჩამოყალიბდა საჯარო ინტერესის დაცვის მუხლები, რითაც საგამომძიებლო ჟურნალისტიკა უფრო დაცული გახდა.
- შეზღუდვები დაწესდა “ცილისწამების ტურიზმზე”: ამიერიდან მოსარჩლემ უნდა დაამტკიცოს, რომ დიდ ბრიტანეთთან მას ხელშესახები კავშირი გააჩნია.
- დროს დაეწია, გაძლიერდა და უფრო გამოიკვეთა ციფრული ჟურნალისტიკის და ციფრული პლატფორმების პასუხისმგებლობის საკითხები. მაგალითად, აგრეგატორებს და ჰოსტინგის პლატფორმებს არ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა მათ პლატფორმებზე მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებული სტატიების შინაარსზე.
ამ ცვლილებებისდა მიუხედავად, მედიის თავისუფლების ბრიტანული კანონმდებლობა – განსაკუთრებით ცილისწამების დარგში – ჩამორჩება წამყვანი ევროპული ქვეყნების სტანდარტებს. არსებობს საერთო-ევროპული ნორმებიც: ბრიტანეთისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეგულაციები პირდაპირ ებრძვის დაუსაბუთებელ სარჩელებს (SLAPPs). ამისდა მიუხედავად, 2013 წლის კანონმა საკმაოდ დაუახლოვა ბრიტანეთში მოქმედი რეჟიმი დასავლეთ ევროპულ საშუალო სტანდარტს.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, თუ რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ეს კანონები მედიაზე დიდწილად სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დიდი ბრიტანეთის 1952 და 1996 წლის კანონების მსგავსი დებულებები მთელმა რიგმა რეპრესიულმა რეჟიმებმა სათავისოდ, პრესის დასათრგუნად წარმატებით გამოიყენეს.
რუსეთი და ცილისწამების კრიმინალიზაცია
რუსეთში 2012 წელს მიიღეს კანონები, რითაც “ყალბი ინფორმაციის” გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ამ კანონში გამოყენებულია ტრადიციული ბრიტანული მიდგომა, რომლითაც მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ გამოქვეყნებული ფაქტები ჭეშმარიტებაა, ხოლო მოსარჩლეს არ ევალება დაამტკიცოს, რომ სერიოზული ზიანი მიადგა. რუსული სასამართლოს პოლიტიკური დამოკიდებულების გამო, რუს ჟურნალისტებზე ამ კანონმა სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა.
თურქეთი და ცილისწამების კანონების იარაღად გამოყენება
რეჯებ ერდოღანი აქტიურად იყენებს ცილისწამების კანონებს ჟურნალისტების, აქტივისტების და ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ კანონებიდან ბევრი საკმაოდ წააგავს 1996 წლის ბრიტანულ კანონს, სადაც ბუნდოვნად განსაზღვრული “საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა” შეიძლება ცილისწამების კანონით დაისაჯოს.
უნგრეთი და სასამართლო დავები მედიის წინააღმდეგ
უნგრეთში პრემიერმა ვიქტორ ორბანმა აქტიურად გამოიყენა ცილისწამების კანონები დამოუკიდებელი პრესის გასაკოტრებლად. ორბანი ამტკიცებდა, რომ საჭიროა “საჯარო პირების” აქტიური დაცვა მედიისაგან. სასამართლო დავების შედეგად, ბევრი გაზეთი გაკოტრდა და შემდეგ კი ორბანისვე თანამებრძოლმა ბიზნესმენებმა იაფად ჩაიგდეს ხელში, რითაც თითქმის მთლიანად გააქრეს თავისუფალი მედია ქვეყანაში.
სინგაპური – ერთი ნაბიჯი უკან
სინგაპურმა კიდევ უფრო დაამძიმა ცილისწამების კანონები და შემოიღო საკანონმდებლო რეჟიმი “ფეიკ-ნიუსების” (ყალბი ამბების) წინააღმდეგ. მთავრობას შეუძლია სასამართლოში წაუსვლელად დაავალდებულოს ჟურნალისტები, ინტერნეტიდან წაშალონ სტატიები და მძიმე ჯარიმა დააკისროს მათ “შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის” გავრცელებისათვის. ამგვარი ბუნდოვანი განმარტება მნიშვნელოვნად ზრდის თვითცენზურის ალბათობას.
ბრიტანული გაკვეთილი
ბრიტანეთის გამოცდილება ცილისწამების კანონებთან დაკავშირებით გვასწავლის, რომ გამართული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პირობებშიც კი, ცილისწამების კანონებში ისეთი ხარვეზები, როგორიცაა:
- მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანა,
- მოსარჩლისაგან ხელშესახები ზიანის დასაბუთების აუცილებლობის არარსებობა,
- საჯარო ინტერესის ცნების არარსებობა,
- “ცილისწამების” ბუნდოვანი ან ზედმეტად ზოგადი განსაზღვრებები
შეიძლება მედიის წინააღმდეგ ეფექტურ იარაღად იქცეს გავლენიანი და ფულიანი ადამიანების და კორპორაციების ხელში. ხოლო თუკი მსგავს კანონებს ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ, ჟურნალისტებს გაკოტრება ან ციხე ემუქრებათ.
ბრიტანეთის შემთხვევაში, კანონმდებლობის გამოსწორებაში დიდი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ და შიდა პოლიტიკურმა ზეწოლამ, როგორც პოლიტიკური პარტიების ისე, განსაკუთრებით, ჟურნალისტების ასოციაციების მხრიდან.
მთავარი ბრიტანული გაკვეთილი კი ისაა, რომ ცილისწამების კანონებთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. როცა ისინი ზედმეტად არიან გადახრილი მოსარჩლეების, ანუ საქმიანი რეპუტაციის დაცვის მხარეს, ასეთი კანონები ადვილად იქცევა დაშინების და კონტროლის იარაღად, განსაკუთრებით კი იქ, სადაც კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სუსტია.