რუსული კომპანია სოხუმის აეროპორტის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან 2.8 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვს

რუსული კომპანიის Aero Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ მიზონოვმა ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრს“ კრისტინა ოზგანს და სოხუმის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბ.კ. დჟენიას წერილი გაუგზავნა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებისგან 240 მილიონ რუბლზე მეტის გადახდას ითხოვს, რომელიც მან პროექტის სხვა ინვესტორისთვის გადაცემამდე გამოყო, იტყობინება „ეხო კავკაზა“.

მიზონოვის წერილის თანახმად, კომპანიამ სოხუმის აეროპორტის პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო. „ინვესტორი კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რისთვისაც აეროპორტს 120 მილიონი რუბლის ოდენობის სესხი გამოუყო, ამ თანხის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის დეველოპერისთვის გადარიცხვით“, – ნათქვამია წერილში.

ყოფილი ინვესტორი ასევე აცხადებს, რომ სესხის დავალიანების დაფარვისა და საბროკერო გადასახადის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა და დასძენს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მას ფაქტობრივად ჩამოართვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, „ამ პროექტში სხვა ინვესტორის მონაწილეობის გამო“. „სხვა“ ინვესტორი 2023 წლის შემოდგომაზე გამოვლინდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ განახორციელებს – ეს რაშიდ ნურგალიევის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანიაა. ამჟამად, რაშიდ ნურგალიევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა.

კომპანია Aero Management-ის მოთხოვნებია:

  1. 120 მილიონი რუბლის ოდენობის სესხის დაფარვა;
  2. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით სესხზე დარიცხული 18 718 164 რუბლის ოდენობის პროცენტისა და დაგვიანებული გადახდისთვის 2 270 793 რუბლის ოდენობის ჯარიმების დაფარვა;
  3. 7,800,000 რუბლის ოდენობის საბროკერო გადასახადის გადახდა;
  4. განზრახულობის წერილის დარღვევისთვის დაუფარავი ჯარიმები შეადგენს 20 მილიონ რუბლს;
  5. ინვესტორის ხარჯების ანაზღაურება 73,436,160 რუბლის ოდენობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრაფიკს ჩამორჩება. 20 ივლისს დაგეგმილი პირველი ტექნიკური რეისი, სავარაუდოდ, არ შესრულდა. განცხადება, რომ ტექნიკური ფრენები 2024 წლის ივლისში, აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ დაიწყება, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2023 წლის ოქტომბერში გააკეთა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version