დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი: ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილებას დაეხმარებოდა

შოვის მეწყრის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, 3 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები გამოაქვეყნა. სეისმურ პირობებსა და მყინვარზე არსებულ ვითარებაზე ახალი დაკვირვების შედეგად, ცენტრმა დაადგინა, რომ წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა, შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება და ტერიტორიაზე ევაკუაციის განხორციელება.

ცენტრის ინფორმაციით, კლდეზვავი განვითარდა მყინვარ თბილისას თავზე ზ.დ. 3850 მ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბოდ დახრილ ფერდზე. კერიდან ჯამში დაიძრა და მყინვარ თბილისას შეეჯახა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მასალა.  დნობის პროცესის შესახებ 2015 წლიდან 2023 წლის ჩათვლით უღრუბლო სატელიტური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტიქიის კერას წლის თბილ პერიოდში ახასიათებდა სეზონური დნობით გამოწვეული მცირემასშტაბიანი ნატეხოვანი ან/და ტალახიანი ნაკადები.

ცენტრი იტყობინება, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები გამორჩეულია დანარჩენი 8 წლისგან. „წინა წლების მონაცემებთან შედარებით 2023 წლის 3 აგვისტო 1-1.5 თვით ადრე პერიოდია, თუმცა ორივე, სამხრეთ და ჩრდილოეთ, ნაკადის გავრცელების ფართობი მაინც აღემატება წინა წლების მონაცემებს. ასევე, ნაკადებმა ყველაზე დაბლა 2023 წელს ჩამოაღწია. ეს მიუთითებს 2023 წელს სტიქიის კერის გამორჩეულ არასტაბილურობაზე კლდეზვავის აქტიური ფაზის დაწყებამდეც“, – აცხადებს ცენტრი.

2023 წლის 1 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, 22 უღრუბლო დღის სატელიტური მონაცემების ანალიზის შედეგად ფიქსირდება როგორც დნობა/ჩამოშლის კვალი, ისე თოვა და აღნიშნული კვალის კვლავ დაფარვა, თუმცა ნაკადების ფართობი გამორჩეულად მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 20-სა და 21 ივლისს, და შესაძლოა 25-სა და 26 ივლისებს შორის. თუმცა, ეს არ მიუთითებს მომავალი კატასტროფული სტიქიის გარდაუვალობაზე, „ის მხოლოდ იძლევა არამკაფიო ნიშნებს რომ შეიძლება მომავალში შეიძლება გარკვეული სტიქია ყალიბდებოდეს“.

ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს სეისმური ქსელი ამჟამად ოპერირებს 49 სეისმურ სადგურს და 36 ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელ ხელსაწყოს. „მართალია სუსტად, მაგრამ ნაშალი მასალის ტრანსპორტირება ბუბისწყლის ხეობაში ვიდრე შოვამდე, საქართველოს ნაციონალური სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა ჩაიწერა. ცხადია, ყველაზე მკაფიო ჩანაწერი გვაქვს ღარის სეისმურ სადგურზე, სადაც განთავსებული იყო, როგორც ველოსიგრაფი, ასევე აქსელეროგრაფი“, – აცხადებს ცენტრი. „ორივე ჩანაწერის შეჯერებული ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ ხეობაში ტრანსპორტირება დაიწყო 14:56 წუთზე თბილისის დროით, ხოლო კდლეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო“.

„წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება“, – დასძენს ცენტრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version