„აი, ფაქტის“ გამოძიება რუსეთის მიერ სანქციების არიდებაში საქართველოს როლს ავლენს  

საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ორიენტირებულმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ „აი, ფაქტი“, თავისი გამოძიებით და ვაჭრობის სტატისტიკის ანალიზით გამოავლინა, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, საქართველო მნიშვნელოვნადაა ჩართული რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში. „აი, ფაქტის“  გამოძიების თანახმად, ძირითადი ნივთები, როგორიცაა დრონები, კომპიუტერის  პროცესორები, GPS ხელსაწყოები და მეხსიერების ბარათები, რომელთა ექსპორტი რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აკრძალულია, კვლავ საქართველოს გავლით აღწევს რუსეთში.

სანქციების მიუხედავად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანსპორტირება კვლავ ხორციელდება კომპანიების ქსელის მეშვეობით, რა დროსაც სამართლებრივი ხვრელები და ლოგისტიკური მარშრუტები გამოიყენება. „აი, ფაქტი“ ამ საკითხზე ინტერვიუსთვის შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა და მხოლოდ ზოგადი წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა, რომელიც არ შეიცავდა არსებით დეტალებს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად მისი სტრატეგიის შესახებ.

ინფორმაცია „აი, ფაქტმა“ მოიპოვა და ის პირველად https://ifact.ge-ზე გამოქვეყნდა.  

ტრანსპორტირების მარშრუტების გამოვლენა (ექსპერიმენტი #1)

21 მაისის ექსპერიმენტში, „აი, ფაქტის“ წარმომადგენლები კომპანია „კაირო ლოჯისტიკს“-ს დაუკავშირდნენ, რიგით მომხმარებლად გაეცნენ და თბილისიდან რუსეთის ქალაქ სამარამდე 30 დრონის ჩატანა სთხოვეს. ოპერატორმა, სახელად ევგენიმ, დაარწმუნა ისინი, რომ 100 პროცენტიანი გარანტიით აზერბაიჯანის ან ირანის გავლით უზრუნველყოფდა ტვირთის მიწოდებას.

ოპერატორმა თბილისიდან სამარამდე 30 დრონის ჩატანაში 500 000 რუბლი (15 000 ლარი) მოითხოვა, რაც რეგულარულ ტარიფზე 20-ჯერ მეტია, და აღნიშნა, რომ ეს თანხა ქრთამსაც მოიცავდა. „სანქცირებული ტვირთია, თქვენ თავადაც გესმით, პოზიციებთან კონვერტებით კომუნიკაცია გჭირდებათ”, – განმარტა ევგენიმ. სატრანზიტო კომპანია მხოლოდ ანგარიშფაქტურასა და ხელშეკრულებაზე ელექტრონულ ხელმოწერას ითხოვდა. თუმცა, საკმარისი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, „აი, ფაქტის“ გუნდმა ექსპერიმენტი შეწყვიტა.

სტატიის გამოქვეყნებამდე, „აი, ფაქტის“ გუნდი კვლავ დაუკავშირდა „კაირო ლოჯისტიკს“ და უთხრა, რომ ჟურნალისტები იყვნენ. იმავე ოპერატორმა, ევგენიმ, რომელმაც მანამდე კომპანიის მენეჯერად წარმოადგინა თავი, უთხრა მათ, რომ ის უბრალოდ სტაჟიორი იყო და ისინი მენეჯერთან, სახელად ალექს ბაგატოვთან გადაამისამართა. ბაგატოვმა აღიარა, რომ სანქციების თავიდან აცილების მიზნით ტვირთის წარმომავლობის საბუთებს ცვლის.

„კაირო ლოჯისტიკს“-ი, რომელიც „სერვის-მულტის” სახელით ოპერირებს, 2018 წელს მოსკოვში დარეგისტრირდა. კომპანია აცხადებს, რომ თურქეთის გავლით აზერბაიჯანში სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირებაში დიდი გამოცდილება აქვს.

ინტეგრალური სქემები (ექსპერიმენტი #2)

კიდეავ ერთი ექსპერიმენტის დროს, „აი, ფაქტის“ გუნდი რუსეთში 60 ცალი „ინტელის” პროცესორისა და 30 ცალი HDD ტიპის შიდა მეხსიერების ბარათის გაგზავნაზას შეეცადა. ისინი კომპანია „Cargo Rapido“-ს დაუკავშირდნენ, რომელიც სანქცირებული ტვირთის ტრანსპორტირებაზე დათანხმდა.

„Cargo Rapido“-ს ოპერატორის, სახელად ნატალიას თქმით, საქონლის ტრანსპორტირება არაოფიციალურად მოხდებოდა და ტვირთვის „დაზღვევისთვის“ 10%-ის გადახდა იქნებოდა საჭირო. მან ასევე დაარწმუნა ჟურნალისტები, რომ „ტვირთს წავიღებთ, ესე იგი წავიღებთ. თანხაში ყველანაირი რისკი გათვალისწინებულია“.  „Cargo Rapido“-ს მარშრუტია თბილისი-ვლადიკავკაზი-სამარა. კომპანია საქართველოში 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი რუსეთის მოქალაქე ტაიმურაზ ტოკაზოვია. კომპანიის შენობა თბილისის ცენტრში მდებარეობს, სადაც „აი, ფაქტის“ ჟურნალისტები ტოკაზოვისთვის კითხვების დასასმელად მივიდნენ. მას შემდეგ რაც მათ გაამხილეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, ტოკაზოვი დაიბნა, უარი თქვა ინტერვიუზე და წავიდა.

მონაცემები ბევრს მეტყველებს

„აი, ფაქტის“ გამოძიებამ, ოფიციალური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, საქართველოდან მეზობელ ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გამოავლინა. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ამ პროდუქტს რუსეთში აგზავნის ღიად, ზოგიც, სავარაუდოდ, არაოფიციალურად.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორმაგი დანიშნულების ნივთები არის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის, ასევე ბიოლოგიური, ქიმიური ან ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად.

„აი, ფაქტმა“ გამოავლინა ხუთი პროდუქტი, რომელთა ექსპორტი მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 2023 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რუსეთში გაგზავნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა

„აი, ფაქტი“ ესაუბრა სამხედრო ინდუსტრიის ვეტერანებს, ყოფილ და ამჟამინდელ სამხედრო პერსონალს, თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს და საერთაშორისო ანალიტიკოსს ეკონომიკური სანქციების საკითხებში.

გამოცემის თანახმად, ყველა თანხმდება, რომ იარაღისთვის გამოსადეგი ნაწილები შესაძლოა ისეთ ნივთებში აღმოვაჩინოთ, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ, როგორიცაა ლეპტოპები ან სმარტფონები.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ მაცივრების, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და სარეცხი მანქანების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.

2023 წელს საქართველოდან რუსეთში პირდაპირ ექსპორტირებულ იქნა 286 660 აშშ დოლარის ღირებულების სარეცხი მანქანები და 41 390 აშშ დოლარის ღირებულების ჭურჭლის სარეცხი მანქანები.

როგორ ეხმარებიან ქართული კომპანიები რუსეთს

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სანქციების თავიდან არიდებაში კონკრეტული ქართული კომპანიები მონაწილეობენ. მათ შორისაა ქართული კომპანია Elektromek-BT, რომელიც ლიეტუვურ სატრანსპორტო კომპანია Delamode Baltics-ს საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ტვირთის გადაზიდვაში ეხმარებოდა. კომპანიის დირექტორი და მფლობელი მარი სარაფიანია და მისი ოფიციალური პირველადი საქმიანობა მშენებლობაა.

გამოძიების თანახმად, 2023 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე, ამ კომპანიამ 365-ჯერ მიიღო მონაწილეობა 24 მილიონი დოლარის ღირებულების სანქცირებული ორმაგი დანიშნულების ნივთების რუსეთში ტრანსპორტირებაში. ზოგჯერ ტვირთი თავად გადაჰქონდათ, ზოგჯერ კი სხვებს ეხმარებოდნენ. პროდუქცია მოიცავდა ბურთულოვან და ცილინდრულ, გორგოლაჭოვან საკისრებს; ელექტრონულ აპარატურას, „შტეფცელები“, როზეტებსა და სხვა.

სამართლებრივი ხვრელები

საქართველოდან ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტისთვის შემოსავლების სამსახურის ნებართვაა საჭირო. თუმცა, აღსრულების კონტროლი  არათანმიმდევრულია, რაც სანქცირებული საქონლის გატარების საშუალებას იძლევა. საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ კონტროლი გაამკაცრა, თუმცა „აი, ფაქტის“ მიგნებები და ოფიციალური სტატისტიკა სხვაგვარად მეტყველებს.

ემოთავაზებული გამოსავალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა საქართველო სანქციების თავის არიდების საქმეში მთავარ მოთამაშედ დაასახელეს. ამის წინააღმდეგ საბრძოლველად „აი, ფაქტი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ ლიეტუვის მსგავსი ზომები იქნას მიღებული, რომელმაც ეროვნული სანქციები დააწესა და ექსპორტის შეზღუდვები გაამკაცრა, რათა სანქცირებული საქონელი რუსეთში არ მოხვდეს.

სტატია ციტირებს პოლიტიკური რისკებისა და სანქციების ანალიტიკოს მაქსიმილიან ჰესს. ის ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში მუშაობს და გამოცემული აქვს წიგნი „ეკონომიკური ომი“, რომელიც უკრაინის ომს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ეხება: „სულ მცირე, თუ მთავრობა მართლაც პატიოსნად ამბობს, რომ სანქციებს აღასრულებს და სურს, არ იქცეს დამრღვევ ქვეყნად, საუკეთესო გზა იქნება, რომ ცალკე გამოაქვეყნოს ბრძოლის ველისთვის მაღალპრიორიტეტული ნივთების ნუსხა და მათ ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვები გამოსცეს. ეს პრაქტიკაში ასე იქნება – ექსპორტიორს მოსთხოვენ დააზუსტოს, რა არის ტვირთის საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ აირიდონ აკრძალული საქონლის მოხვედრა საქართველოდან რუსეთში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version