პროსამთავრობო მედია ივანიშვილის წინააღმდეგ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების შესახებ იუწყება, ხოლო უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დაკითხვაზე იბარებენ

23 ივლისს, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, გელა კახაბრიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხეს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს და რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს. გამოკითხვის შემდეგ კახაბრიშვილისა და მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები პროსამთავრობო მედიამ წარმოაჩინა, როგორც დასტური იმისა, რომ ადგილი აქვს სავარაუდო შეთქმულებას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიმართ” ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად.

“მზადდება ტერორისტული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიმართ. განცხადება ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა…” განაცხადა ტვ იმედის წამყვანმა. არხის კორესპონდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა: “ოთხდღიანი დუმილი დარღვეულია. გამოკითხულები და მათი უფლებადამცველები საქმის მთავარ დეტალებს ვეღარ მალავენ. გამოკითხულმა გელა კახაბრიშვილმა ცოტა ხნის წინ თავად გაასაჯაროვა ინფორმაცია და დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს საქმეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაზე.” სხვა პროსამთავრობო არხებმაც გაიმეორეს იგივე ნარატივი.

ტელეკომპანიამ ეთერში გაუშვა ადვოკატი რამიშვილისა და კახაბრიშვილის კომენტარები. მათ თქვეს, რომ გამოკითხვის დროს ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა თანამდებობის პირების სახელები იყო ნახსენები. როცა ტვ იმედის ჟურნალისტმა რამიშვილს ჰკითხა, იგეგმებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის “აფეთქება,” ადვოკატმა უპასუხა: “არა, აფეთქება ღმერთმა დაიფაროს…””ტერორისტული აქტი მის წინააღმდეგ?” იკითხვა ჟურნალისტმა. “ყოველი შემთხვევისთვის, არის საუბარი თითქოს რაღაც ამდაგვარი იგეგმება,” ამბობს რამიშვილი ტვ იმედის სიუჟეტში.

მოგვიანებით, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ სუსის გამომძიებლებს მისთვის ფაქტად არ უთქვამთ, რომ საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიმართ.

“უბრალოდ კითხვები ისმებოდა ყველა მიმართულებით – როგორც პირად ცხოვრებაზე, კომუნიკაციაზეც. ფაქტად არ ყოფილა ნათქვამი, რომ იგეგმება ტერორისტული აქტი… ვნახე, ჩემზე დაყრდნობით როგორ გაშუქდა, თითქოს იგეგმება ტერორისტული აქტი და უნდა მოხდეს… აბსურდია, არ შეიძლება ეს ინფორმაცია [რომ იგეგმება ტერორისტული აქტი] იყოს ჩემზე დაყრდნობით,” ციტირებს მიხეილ რამიშვილის რადიო თავისუფლება.

მთავარი არხისთვის მიცემუმ კომენტარში, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, საქმე 2015 წელს დაიწყო და შემდეგ, 2017 წელს სახელმწიფო გადატრიალების მუხლი დაემატა. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი ეს საქმე და მან აღნიშნა, რომ თუკი არსებობს ასეთი რისკი, მაშინ ყველა საგამოძიებო და კონტრ-ზომები უკვე მიღებული უნდა იყოს.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების შესახებ ნარატივი განავრცო. მისი განცხადებით, ოპოზიცურმა ტელევიზიებმა, პოლიტიკოსებმა, თავად გამოკითხულებმა და მათმა ადვოკატებმა წინა დღეებში გაკეთებულ განცხადებებში განზრახ არ ახსენებდნენ ტერორიზმს. “აი, ამაში გაიშიფრნენ ისინი,” თქვა მდინარაძემ.

ერთი დღით ადრე, 22 ივლისს, თორნიკე ჩიქოვანმა, ერთ-ერთი გამოკითხულის, კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლითა და მუხლი 18-323-ით მიმდინარეობს. 315-ე მუხლი გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ხოლო მუხლი 18-323 ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს მოიცავს.

ქართული ოცნების ლიდერები ცდილობენ აღნიშნული საქმე ე.წ. “გლობალური ომის პარტიის” შეთქმულების თეორიას დაუკავშირონ. მამუკა მდინარაძის განცხადებით “ფსევდო ლიბერალური ფაშიზმის ფარგლებში” ხდებოდა “ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები და ტერორისტული აქტები ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენი საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. ეს დამთხვევაა?”

მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში უფრო მეტ ადამიანს დაიბარებენ გამოკითხვაზე.


გასული წლის ოქტომბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეები წარმოადგენენ ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს. USAID-მა და CANVAS-მა განაცხადეს, რომ ტრენინგები მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ადამიანების ტრენინგს იმის შესახებ, თუ როგორ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახისა და თემისთვის.მოგვიანებით, სუსმა დაკითხვაზე დაიბარა ტრენინგის მონაწილეები – საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version