დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქციების დროს სამართალდამცველთა მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებზე საუბრობს

15 ივლისს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის “საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ” პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების დროს გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისამდე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ჩატარებულ 76 შეკრებასა და ამ პროტესტებთან დაკავშირებულ დაკავებულ პირთა 32 სასამართლო სხდომას დააკვირდა.

ანგარიში აჩვენებს, რომ საპროტესტო აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევა; გარდა ამისა, დაფიქსირდა ძალადობის წახალისების, სასამართლო პროცესების დარღვევის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობისა და დემონსტრანტების დაშინების მცდელობები.

ანგარიშის მიგნებები

ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. გარდა ამისა, “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე არც ერთ შემთხვევაში დემონსტრანტთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო შედეგს გამოიწვევდა ან მთლიან შეკრებას ძალადობრივად აქცევდა. სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ საშუალებებს (მათ შორის, ფიზიკური ძალა) არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი; ეს საშუალებები არ იყო პროპორციული და შესაძლოა ჩაითვალოს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების შემთხვევებად.

“უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს შსს-ს თანამშრომლები დემონსტრანტებს დაშლის შესახებ წინასწარ არ აფრთხილებდნენ. არც მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. აქციების დროს სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ისე, რომ მათთვის კონსტიტუციური უფლებები არ განუმარტავთ. მეტიც, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განსაკუთრებით შეშფოთებულია მტკიცებულებათა დაბალი დონის გამო, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ სასამართლოებში გამოიყენებოდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ორგანიზებული ჯგუფები დაშინების კამპანიას აწარმოებდნენ დემონსტრანტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ამგვარ ქმედებებს თანამდებობის პირები უჭერდნენ მხარს. ზოგიერთ შემთხვევაში დაშინება ხდებოდა სატელეფონო ზარებით, მათი კუთვნილი ავტომობილებისა და კერძო საკუთრების დაზიანებით, აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიში ასკვნის, რომ “ქართული ოცნება” “არა მხოლოდ ახალისებს საპოლიციო ძალადობას, არამედ, ასევე, დგას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა და თავდასხმების უკან.”

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version