აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს სტუმრობს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 27 ივნისს საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. „აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ღრმა მეგობრობა და ჩვენი ხალხისთვის უკეთესი მომავლის ერთად აშენების სურვილი სამუდამოდ გაგრძელდება“, – დაწერა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის დროს, დარჩიაშვილი მიესალმა ბაირამოვის ვიზიტს საქართველოში და მას „ძალიან მნიშვნელოვანი“ და „დროული“ უწოდა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრებმა შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს. დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას დარჩიაშვილმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა აღნიშნა და გამოთქვა მზადყოფნა მხარეებს შორის „კონსტრუქციულ კომუნიკაციისთვის“.

მინისტრის ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იქნა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. „ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში. „აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და  საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე  აღნიშნულ პროექტში“.   

შეხვედრის შემდეგ დარჩიაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამორჩეული ხასიათისაა და „ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კავშირების გაღრმავება და გამოვიკვლიოთ ყველა შესაძლებლობა თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა ტვიტერზე, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ვიზიტები და მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ემსახურება.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.  

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს და დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, როგორც ენერგორესურსების ტრანსპორტირების სწრაფ და სანდო მარშრუტზე.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. „შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

შეხვედრის შემდეგ ჯეიჰუნ ბაირამოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა საპარლამენტო დიპლომატიის როლი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version