აშშ-ს კონგრესის ქვეკომიტეტის მოსმენაზე ‘უცხოელი აგენტების’ კანონისა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს

26 ივნისს, ევროპის საკითხებში აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოსმენა გამართა, სადაც მოხსენებებით წარსდგნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის (E&E) ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე, ერინ ელიზაბეტ მაკკი. მათ ისაუბრეს 2025 წელს ევროპაში მათი ორგანიზაციების მუშაობისთვის საჭირო ბიუჯეტებისა და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ იმ ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლას განიცდიან.

მოსმენის დასაწყისში კონგრესმენმა ბილ ქითინგმა ევროპაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის ძალისხმევა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებაში დაეხმაროს. მან ასევე ისაუბრა ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იბრძვის თავისი დემოკრატიის შესანარჩუნებლად, ევროპის მასშტაბით სხვა ლიდერები ფიქრობენ, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ტრანსატლანტიკურ ალიანსს. სულ ახლახანს, საქართველოში, პარტიამ „ქართული ოცნება“ აგენტების შესახებ კრემლის მიერ ინსპირირებული კანონი მიიღო და ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ჩინეთთან – ქვეყანასთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში – მიუხედავად იმისა, რომ კრემლი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს“.

მან ასევე ახსენა დემოკრატიული უკუსვლის მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და დასძინა: „[უნგრეთის პრემიერ მინისტრის ვიქტორ] ორბანის, ისევე როგორც ქართული ოცნების ქმედებები უკიდურეს შეშფოთებას იწვევს და ძირს უთხრის ქართველი და უნგრელი ხალხის გრძელვადიან ინტერესებს“.

თავის შესავალ სიტყვაში ჯიმ ო’ბრაიენმა იმ მუშაობაზე ისაუბრა, რომელსაც მისი ორგანიზაცია ევროპაში ახორციელებს, რა დროსაც ყურადღება იმ ცხრა ქვეყანაზე გაამახვილა, რომელთაც მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვთ. ამ ქვეყნებს შორის მან საქართველოც დაასახელა: „ახლა ჩვენ გარკვეულ რეაქციას ვხედავთ. ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი [მათ შორის საქართველოში] მხარს არ უჭერს იმ რთული რეფორმების გატარებას, რაც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლადაა საჭირო. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ეს არ გაგრძელდეს“.

სიტყვით გამოსვლისას ერინ ელიზაბეტ მაკკიმ ევროპის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მხარდასაჭერად USAID-ის ძალისხმევაზე ისაუბრა. მან აღნიშნა: „კავკასიაში… ჩვენ ვპასუხობთ ახალ გამოწვევებს, მაგრამ ასევე ვხედავთ ახალ შესაძლებლობებს. საქართველოში ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ გზაზე და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში და იმედია აღადგენს იმპულსს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მმართველი პარტიის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ადასტურებს USAID-ის დახმარების მნიშვნელობას იქ დემოკრატიული ძალების გასაძლიერებლად“.

კითხვა-პასუხის სესიის დროს, საუბარი კვლავ საქართველოს შეეხო. ო’ბრაიენს ჰკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს აგენტების კანონი, ისევე როგორც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რაზეც ელჩმა უპასუხა: „ფართო თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერაა მიღებული, ნათქვამია, რომ მათ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმა ამ კვირაში და ჩვენ არაერთხელ საჯაროდ და პირადად მივაწოდეთ გზავნილი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოელი აგენტების კანონი, [ანაკლიის] პორტის კონტრაქტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის – ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ევროკავშირსა და ნატოსკენ მიმავალ გზას, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version