საქართველო ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის მონიტორინგის ანგარიშში

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ – „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), 3 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ შესაბამისობის მეორე ანგარიშის მეორე დამატება, რომელიც ეხება საქართველოს მიერ პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციის შესახებ რეკომენდაციების შესრულებას.

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) არის ევროპის საბჭოს ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თავისი წევრების შესაძლებლობები კორუფციასთან საბრძოლველად, ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მონიტორინგის გზით. GRECO ეხმარება სახელმწიფოებს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის ხარვეზების იდენტიფიცირებაში, რაც ხელს უწყობს საჭირო საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული რეფორმების განხორციელებას.

დოკუმენტის თანახმად, GRECO-ს მიერ საქართველოსთვის 2016 წელს გაცემული 16 რეკომენდაციიდან 9 დამაკმაყოფილებლად შესრულდა, 6 ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო 1 საერთოდ არ შესრულდა.

პარლამენტის წევრებთან მიმართებით კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით GRECO აღნიშნავს, რომ არსებითი ნაბიჯები გადაიდგა „საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გასაძლიერებლად“. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს „პარლამენტის საკანონმდებლო ვალდებულება, აქტიური კონსულტაციები გამართოს დაინტერესებულ მხარეებთან მთავრობის ან პარლამენტის მიერ ინიცირებულ გარკვეულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით“. დოკუმენტის თანახმად, რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებული.

GRECO-მ ადრე საქართველოს ისეთი ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც დეპუტატებს შორის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს დაარეგულირებდა. „პარლამენტარების ქცევის კოდექსის მიღების საკითხი 2019 წელს მოგვარდა“, აღნიშნულია ანგარიშში, თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს გარკვეულ წუხილებს (2019 წელს მიღებული) კოდექსის შესრულებადობის თაობაზე, პარლამენტის ეთიკის საბჭოს მეშვეობით, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. GRECO ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ „არანაირი პროგრესი” არ არის პარლამენტის წევრთა ინტერესთა შეუსაბამობის დაუყოვნებლივ გამჟღავნების ვალდებულების შემოღების მიმართულებით.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, GRECO-მ ადრე რეკომენდაცია მისცა საქართველოს, რომ რეფორმები განეხორციელებინა მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურებში, რათა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებები „მკაფიო და ობიექტური, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების“ საფუძველზე მიეღო. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 2023 წელს შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებდა GRECO-ს რეკომენდაციებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მეტი ძალისხმევაა საჭირო „იმის საჩვენებლად, რომ ეს პრაქტიკა გავრცელდება ყველა მოსამართლის დანიშვნასა და დაწინაურებაზე“. GRECO განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე დაწინაურების პროცედურა არ რეგულირდება მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმებით, შესაბამისად არ შეესაბამება გამჭვირვალობისა და მერიტოკრატიის პრინციპებს (გადაწყვეტილებები. მიიღება ფარული კენჭისყრით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შეფასების გასაჯაროვება არ ხდება)“.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც ასევე ნაწილობრივ შესრულებულია, დამატებით განსაზღვრავს „მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის გაზრდის აუცილებლობას“. GRECO აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს „დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გადახედვის შესაძლებლობა“.

გარდა ამისა, GRECO აცხადებს, რომ მართალია სასამართლო ეთიკის წესები განახლდა, ​​ეცნობა ყველა მოსამართლეს და ადვილად ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის, აუცილებელია მისი შევსება „წესების განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკული ზომებით“.

GRECO აღნიშნავს, რომ შეუსრულებელი რჩება რეკომენდაცია, რომელიც მოუწოდებს, რომ მოსამართლეთა მანდატი მხოლოდ „სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებული საქმიანობებით შემოიფარგლოს“.

GRECO მიესალმება 2023 წელს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელმაც გააფართოვა დეკლარირების რეჟიმს დაქვემდებარებული „საჯარო მოხელის“ განმარტება და საბოლოოდ ყველა პროკურორი მოიცვა. GRECO ასკვნის, რომ შესაბამისი რეკომენდაცია სრულად შესრულდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაბამისობის მეორე ანგარიშის მეორე დანართის მიღებით სრულდება საქართველოსთან მიმართებით მეოთხე რაუნდის შესაბამისობის პროცედურა.

მიუხედავად მონიტორინგის მეოთხე რაუნდის დასრულებისა, საქართველოს მონიტორინგი გაგრძელდება მეხუთე თემატური მონიტორინგის რაუნდის ფარგლებში, რომელიც ფოკუსირებულია კორუფციის პრევენციასა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობაზე ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებებში. შეფასების ანგარიში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს შეიცავს, სავარაუდოდ, ივლისში გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version