ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 19 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო იქნება.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ბანკი აღნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. „აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. „თუკი დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო“, – აცხადებს ბანკი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 31 ივლისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version