საქართველოს პრეზიდენტმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პრესკონფერენციაზე, რომელსაც წინ უძღოდა მინისტრების შეხვედრები, პრეზიდენტმა სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილა, მინისტრებმა კი ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და იმედი გამოთქვეს, რომ კანონი მალე გაუქმდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც მუდამ მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, და ისაუბრა იმ მძიმე ტვირთზე, რაც კანონის მიღების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ექნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ხალხის ნება და საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზას, რომლის ნახევარიც მან უკვე გაიარა.

„ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ პრაქტიკულად 30 დღიანი ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით უპასუხა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზედაც ყველა ვსაუბრობდით, ჩვენი საზოგადოების 80-85%-იანი მხარდაჭერა ევროპულ მომავალს არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს რეალობაა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ და ამით შეგვიძლია ყველამ ნამდვილად ვიამაყოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე. დემოკრატიულობა და თავისუფლება ის ევროპული ღირებულებებია, რისთვისაც საქართველო იბრძოდა. ამ ღირებულებებით და ამ შემართებით ეს საზოგადოება არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს“.  

„ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მე ძალიან გარკვეულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში – არა და არასოდეს!!! რადგან არ ვუღალატებ არსებულ სულისკვეთებას ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა.

ამ გზავნილს მიიტანენ ჩვენი მეგობრები ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოყენება შეიძლება ამ ხელისუფლების რაღაც სახის გადასარჩენად. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა: „დღევანდელ დღის წესრიგში საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას“. პრეზიდენტის თქმით, „ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენ მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილებების ის ერთობლიობაა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე – ერთად და მობილიზებულად, რომელიც ამ არჩევნებით საქართველოს თავის გზაზე დააბრუნებს“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თავისი განცხადების დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ ისინი საქართველოს „უახლოესი მეგობრები“ არიან, „მეგობრები, რომლებიც საქართველოზე და მის ხალხზე ზრუნავენ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ადარდებს“. მან აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მედიის ჰედლაინებში – პარლამენტის მიერ ,,საგარეო გავლენის გამჭვირვალობის“ საკამათო კანონი, აქციის მონაწილეების მიმართ სრულიად მიუღებელი ძალის გამოყენების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მიმართ ორკესტრირებული დაშინების კამპანიის გამო, „მაგრამ ასევე, იმ შეუდარებელი სიმტკიცის გამო, რომელიც ხალხმა აჩვენა, რომელიც შეუჩერებელი იყო ძალადობის და დაშინების მიუხედავად, არ შევიდნენ შეცდომაში ანტიდასავლური პროპაგანდის გამო, მათი ევროპული მისწრაფებები ყველამ გაიგო და უფრო თვალსაჩინო გახადა“.

„თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული აქტივია და არა ვალდებულება. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ხედავენ ჩახშობის მექანიზმებს ძალაუფლების შენარჩუნების გზად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ მოლიპულ ფერდობზე არ აღმოჩნდება. ჩვენი აქ მოსვლის პირველი მიზანია გამოვხატოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და განაცხადა, რომ „მეორე მიზანია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, მივცეთ ძალიან მკაფიო გზავნილი იმ რისკებისა და მძიმე შედეგების შესახებ, რის წინაშეც საქართველო აღმოჩნდება, თუ ისინი ამ ძალიან საშიშ კურსს განაგრძობენ“.

„საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკვე ბევრს მიაღწია. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ისე ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც გასულ დეკემბერს. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაგებით, რომ იგი გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს. თუმცა არც წარსულის მიღწევები და არც მომავალი პერსპექტივები არ შეიძლება იქნას მიღებული როგორც მოცემულობა, ძალიან ბევრი წელი და დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერი შეიძლება თვალის ერთ დახამხამებაში დაიკარგოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მინისტრებს მიაჩნიათ, რომ მათი მოვალეობაა ყველაფერი აცნობონ საზოგადოებას იმ რისკების შესახებ, რასაც კანონი გამოიწვევს: „ნება მომეცით ძალიან მკაფიო ვიყო. ,,უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, შეაჩერებს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირისა და ნატოს გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ქალბატონი პრეზიდენტისგან გავიგეთ, რომ ის გეგმავს კანონზე ვეტოს დადებას და ეს მთავრობისთვის გამოსავალია, რომ საერთოდ გააუქმოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა“.

„არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ კოსმეტიკური ცვლილებები ამ კანონში შეიძლება გახდეს დემოკრატიული, ან ევროკავშირისგან დადასტურებული. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ არჩევანს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოასწოროთ ის, რაც ფუნდამენტშივე გატეხილია. ჩვენი ჭეშმარიტი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს ევროპულ მოგზაურობაში საბოლოო დანიშნულებამდე. საქართველო ევროპას ეკუთვნის. როგორც საქართველოს გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როცა საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა: – ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“- და დიახ, თქვენ ხართ!“

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ მინისტრები საქართველოში „ლექციის ჩასატარებლად“ არ ჩამოსულან იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგან „დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნები ამისთვის არსებობს“. შემდეგ მან განაცხადა:  „ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია… რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში ჩააგდო, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარეს და ეს არის არჩევანი“.

„დღეს აქ ვარ, რადგან ესტონეთი საქართველოზე როგორც ისტორიულად, ასევე დღესაც ძალიან ზრუნავს… ჩვენ ათწლეულების მანძილზე მხარს ვუჭერდით ქართულ რეფორმებს. ჩვენ საქართველოს მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ დემოკრატიული და აყვავებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანებაა“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება „უცხოელი აგენტების“ კანონს, მინისტრმა აღნიშნა: „ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ევროკავშირი იცავს, ეს კანონი სიმბოლოა – რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლო. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს. ეს უკუსვლაა, რომელზეც ევროკავშირს აუცილებლად რეაქცია ექნება. ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. რეფორმების გატარებით მიიღებთ სარგებელს,  როგორიცაა სავიზო თავისუფლება ან უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა გახდეთ ევროკავშირის წევრი, როცა საქართველო უკან დაიხევს, ამ ყველაფერს დაკარგავთ. ადამიანის უფლებების დარღვევის, რეპრესიების შემთხვევაში, ევროკავშირი ჩვეულებრივ სანქციებს დააწესებს…“

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმა განაცხადა, რომ მინისტრები ჩამოვიდნენ, რათა „გამოვხატოთ სოლიდარობა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მე მოვდივარ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღიურად იცავს ამ ფასეულობებს, რომლებსაც ახლა საფრთხე ემუქრება“.

მან ასევე განაცხადა, რომ „თავისუფლება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესასვლელად, არამედ ძალიან კონკრეტული გასაღებია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს ჩვენი საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ, გაგვიმართლა და მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, დავინახეთ, რომ მათ ამ გზაზე მოუტანა კეთილდღეობა. ჩვენი ვიზიტი საქართველოს, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის პატივისცემის გამოა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩავთვალოთ საქართველო, როგორც მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და იმ უფლებებს, რომელსაც რუსეთის ესხმის თავს და ეს რეალურად აისახება საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტზე, რომელიც მხარს უჭერს ტრანსატლანტიკურ გზას“.

და ბოლოს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ იმისთვის არ ჩამოვიდნენ, რომ საქართველოს „შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი გავხდეთ“. მან აღნიშნა, რომ „მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები ჩაიწერა  კონსტიტუციაში, რადგან ქართველების 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და როგორც სკანდინავიურ-ბალტიურმა ჯგუფმა, უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური და სხვა კაპიტალი ჩავდეთ ევროკავშირისა და ნატოს მაგიდასთან საქართველოს მიზნის მხარდასაჭერად“.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. „ჩვენ გვინდა და საქართველოს ევროკავშირის ნაწილად ვხედავთ. ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზა, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის, ალბანეთისა და სხვა ქვეყნების ევროპული გზა“.

„ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოვთქვით. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური მიზანი არ არის. ეს ქვეყნის მხრიდან ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს, მისი სამართლებრივი, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემის და მრავალ სხვა ევროპულ სტანდარტებთან მორგების მიზნით. ეს არ არის შიდა პოლიტიკაში ჩართვა. ეს ევროპული სტანდარტებია, რომლებიც ჩვენ ყველას უნდა შეგვესრულებინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ასე რომ, არაფერია ანტიქართული, არაფერია ანტისახელმწიფოებრივი იმ გზავნილებში, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

კანონთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს ვერ გაუგიათ რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება. „ჩვენ მოვისმინეთ ვეტოს შესახებ გზავნილი და ვიმედოვნებთ, რომ იგი გამოყენებული იქნება კანონის სრული გადახედვისთვის, ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს მოითხოვება. ასე რომ, ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი. არის ასევე სხვა კანონების პაკეტი, რომლებზეც შეშფოთებულები ვართ. შეშფოთებულები ვართ, როგორ ექცევიან აქციის მონაწილეებს. მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა და ყველა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ეს“, – დასძინა მან.

This post is also available in: Русский (რუსული)

Exit mobile version