ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი 15 მაისს საქართველოს ეწვია, სადაც უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილმა იან ბორჯს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამავე ინფორმაციით, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას.

„როგორც ახლახანს ავღნიშნე საგარეო საქმეთა მინისტრთან, კონფლიქტი საქართველოში კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში. მე დღეს აქ ვარ სამხრეთ კავკასიაში ჩემს სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან ერთად და ეუთოდან ჩვენს გუნდთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობის საქმის ხელშეწყობას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს პროცესები ფოკუსირებული იყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხალხის ინტერესებზე. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სტატუს კვოს მართვა, არამედ ხელშესახები პროგრესის მიღწევა და არასტაბილურობის წყაროების ეფექტურად მოგვარება ყველა დაინტერესებული ადამიანის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მინისტრმა ბორჯმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებას. აღინიშნა, რომ კანონის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ქართული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნის გახილვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2024 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. ასევე ხაზი გაესვა ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას“.

ვიზიტის ფარგლებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და სხვა დეპუტატებს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს. იგი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version