სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს 8 მაისის ცემის ფაქტებზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 9 მაისს, დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების ცემიდან რამდენიმე საათში, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან“.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცემის ფაქტებზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია და სანაცვლოდ, დღევანდელი ბრიფინგი აქციის მონაწილეების სისხლისსამართლებრივი დევნის დაანონსებას მიუძღვნა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი აქტივისტი, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ისევე როგორც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების ადრესატები გახდნენ, რა დროსაც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version