აჭარის ტელევიზიის ყოფილმა ჟურნალისტმა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

26 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილმა და ამჟამად  ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. კოხრეიძე მას შრომის შინაგანაწესის პირობების „აშკარა უხეშ დარღვევას“ ედავებოდა. კერძოდ, ბრძანებაში ეწერა, რომ 2020 წლის 6 მარტს, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, ბაკურიძემ „შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი“ სიტყვებით მიმართა საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი აბაზაძეს და მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელი შეუშალა.

ბაკურიძემ საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე დაწერა, „სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს – 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან“.  

„ჩვენ მაშინაც ვიცოდით რომ ოცნების ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.  შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით“,-  წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტის განცხადებით, სასამართლომ მაუწყებელს კომპენსაციის სახით 6 თვის ხელფასის სახით კომპენსაციის გადახდა დაკისრა, ხოლო დისკრიმინაციის ნაწილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაზეც ბაკურიძის თქმით, დავა გაგრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version