ევროპარლამენტის რეზოლუცია: სანამ „უცხოელი აგენტების“ კანონი იარსებებს, გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება

ევროპარლამენტმა 25 აპრილს რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. რეზოლუციას მხარი 425 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია 22 აპრილს ევროპარლამენტარების მიერ წარდგენილი რეზოლუციის ხუთი პროექტის შეჯამებული ვერსიაა და მოიცავს ხუთ შესწორებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ანტი-ლგბტქ+ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან გაწვევის თაობაზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებს და ევროპულ მისწრაფებებს და ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია“. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რომელსაც კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ზოგადად ადამიანის უფლებებს უქმნის, რაც „ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“, და ევროკომისიას საქართველოს მიერ ევროკავშირის ცხრა პირობის შესრულების თაობაზე შუალედური შეფასების მომზადებისკენ მოუწოდებს.

ცვლილებები მოიცავს მოწოდებებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდეს, პატიმრობიდან გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (ორი ცვლილება), ევროკომისიამ დაუყოვნებლივ შეაფასოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს კანონპროექტის ზეგავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, ასევე ხელისუფლებამ გააუქმოს ანტი-ლგბტქ+ საკონსტიტუციო ცვლილებები.

3 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დააანონსა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version