შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე

23 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში არის გაუმჭვირვალე. „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის წინააღმეგ საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ „არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია“. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი“.

„ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში არის გაუმჭვირვალე“

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღება „არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე“.

მან „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ახსენა და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში „საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო“.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპული სტრუქტურები, რომ „ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი“. „სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება“, – დასძინა მან.

„არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია“

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანონის მოწინააღმდეგები უარს აცხადებენ მისი შინაარსის განხილვაზე და ცდილობენ აკრძალონ დისკუსია.

„სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტი-ევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტი-ევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „რადიკალურ ოპოზიციას“ შინაარსის განხილვას სთავაზობს. მაგრამ „რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე“.

„ბორელს არ აქვს წაკითხული კანონპროექტი“

შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რა პასუხს გასცემდა კანონპროექტის საერთაშორისო მოწინააღმდეგეებს, როგორიცაა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“.

საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური წრეების მკაცრი კრიტიკისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, მმართველი უმრავლესობა დაჟინებით განაგრძობს კანონპროექტის მიღების პროცესს, რომლის სამიზნეებიც დასავლეთის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია საშუალებები არიან.

და მაშინ, როცა დასავლეთი ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონი ქვეყანას ევროპული გზიდან ჩამოაშორებს, მმართველი პარტია კვლავ სსო-ების „გამჭვირვალობის“ აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, 29 აპრილიდან 2 მაისის პერიოდში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version