პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 აპრილს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვა. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, გაიმართება საპანელო დისკუსიები სახელწოდებით „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“, „გადაარჩინეთ დასავლეთი, დაიცავით საზღვრები“ და „ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი აგებენ – 2024, საარჩევნო სუპერწელი“.

გასული წლის მსგავსად, კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვა. სხვა მომხსენებლებს შორის არიან სლოვენიის ყოფილი პრემიერ მინისტრი იანეზ იანშა, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი აბოტი, ულტრამემარჯვენე ესპანური პარტიის „ვოქსის“ პრეზიდენტი სანტიაგო აბასკალი და მემარჯვენე ჰოლანდიური „პარტია თავისუფლებისთვის“ პრეზიდენტი გერტ ვაილდერსი.

CPAC-ს პირველი კონფერენცია ბუდაპეშტში 2022 წელს გაიმართა და ფოკუსირებული იყო „ღმერთის, ქვეყნისა და ოჯახის“ ღირებულებებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წელს ბუდაპეშტში გამართულ მეორე კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით.

თავის გამოსვლაში, ღარიბაშვილმა უნგრეთის მიერ მისი ეროვნული ინტერესებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა შეაქო და ორბანს „ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცი“ უწოდა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები თავისი მიზნების მიღწევას „ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით“ ცდილობენ.

ღარიბაშვილის კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, ევროპელი სოციალისტების პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2023 წლის ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სტატუსს შეაფასებდა. ამის საპასუხოდ, მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები“. ივნისში ევროპელი სოციალისტების პარტიამ „ქართული ოცნებას“ წევრობა ოფიციალურად შეუწყვიტა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version