პაველ ჰერჩინსკი: ვეტინგის საკითხი ღია რჩება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი „უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობას ხედავს“, რათა უზრუნველყოფილ იქნას „სრულიად პროფესიონალური, სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა საქართველოში“. ჰერჩინსკის კომენტარის გაკეთება სთხოვეს ე.წ „ვეტინგის“ სისტემაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „დახურულ“ საკითხად გამოაცხადეს, ვინაიდან  ის „შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სრულიად დამოუკიდებელი, სრულიად პროფესიონალური სასამართლო სისტემა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია“ და, შესაბამისად, ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტიცაა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ცხრა პირობიდან ერთ-ერთია.

მისი თქმით, ევროკომისია მზადაა დახმარება გაუწიოს და გაუზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ევროკომისიამ გაფართოების გზაზე სხვა ქვეყნებთან მუშაობისას შეიძინა.  ევროკავშირის ელჩის თქმით, სასამართლო სისტემა ცხრა პირობის „ღია საკითხად“ რჩება, მაგრამ „თუ იქნება სურვილი, დარწმუნებული ვარ, გზაც გამოინახება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. ეს სარგებელს მოუტანს ევროკავშირს და სარგებელს მოუტანს საქართველოს. სწორედ ამიტომ გვჭირდება რეფორმები“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან დიალოგის გასააქტიურებლად რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით. მისი თქმით, ევროკომისიაში „უკვე მუშავედება გაფართოების ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება და რომელშიც ევროკომისიის რეკომენდაციები იქნება ასახული, გადავიდეს ქვეყანა შემდეგ ეტაპზე თუ მოიცადოს“.

ელჩ ჰერჩინსკის ასევე სთხოვეს კომენტარის გაკეთება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, „უმნიშვნელოვანესია“ ნებისმიერი დემოკრატიისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტების დამდგენია. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „კანონი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“ შეიცავს ვენეციის კომისიის „ბევრ რეკომენდაციას“, თუმცა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული.

[ევროკავშირის ელჩი სავარაუდოდ გულისხმობდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია. 25 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცვლილებებს ხელი მოაწერა].

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version