რვეული პირველი: რაც არა გვკლავს, გვაძლიერებს?

მოდით, ვისაუბროთ. ვისაუბროთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შესახებ მზრუნველმა მოქალაქეებმა, როგორც უბრალოდ ადამიანებმა, მშვიდად, დინჯად. იმ დაჟინების გარეშე, რომელიც იმ ხალხს ახასიათებს, ვისაც სჯერა, რომ ერთადერთ ჭეშმარიტებას მიაგნო. ცხოვრება ჭრელია, ჩვენი განცდებიც რთული. მათი რომელიმე დოგმასთან მისადაგება ყოველთვის ვერ ხერხდება. ოღონდ, როცა ადამიანს რწმენა გაქვს და გამოძრავებს, რთულია, ამ წინააღმდეგობრიობას შეურიგდე, შენი ადამიანობის სისუსტე აღიარო და მაინც თვალში შეხედო თანამოსაუბრეს, დაიცვა შენი პოზიცია ისე, რომ მისი შესაძლო სიმცდარე სადღაც ტვინის კუნჭულში გაცნობიერებული გქონდეს.

როცა ჩვენი გაზეთი არსებობას ამ 23 წლის წინათ იწყებდა, ამოცანად სწორედ სამოქალაქო დისკუსიის გამართვა გვქონდა დასახული. დროებამ სხვანაირად ინება და “სამოქალაქო საქართველო” ჩვენი ქვეყნის ამბების მემატიანედ უფრო იქცა. ესეც დღეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და სიამაყის საგანი.

თუმცა ის ხალხი, ვინც ამ ამბებს ვწერთ, სულ უფრო ხშირად განვიცდით, რომ ის, რასაც “ახალი ამბები” ჰქვია, სულ უფრო შორდება ადამიანს, მის განცდებს, ბუნებას, სიხარულსა და სატკივარს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, დავუბრუნდეთ საწყისებს და, უკვე გაკეთებულისა და განცდილის ცოდნით, სწორედ საუბარსა და განსჯას დავუთმოთ მეტი ადგილი.

ამიერიდან, ყოველი თვის რვაში, “სამოქალაქო რვეულები” შეეგებება თავის მკითხველებს. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს ადამიანის თვალით და განცდით შევხედოთ, სხვადასხვა კუთხიდან გავსინჯოთ და ისეთი სივრცე შევქმნათ, სადაც შეიძლება ადამიანმა პოლიტიკური თუ ყოველდღიურობასთან ბრძოლის აბჯარი ჩამოიხსნას, სანგრიდან ამოხტეს და მშვიდად, თუნდაც ირონიით, შეხედოს საკუთარ თავსაც და ქვეყნის სატკივარს.

გამოგიტყდებით, ცოტათი გვეშინია ამ ნაბიჯის გადადგმა. განა ვინა ვართ, რომ ვცადოთ და “ივერიის”, “დროების”, “ერთობისა” თუ მრავალ სხვათა გაკვალულ გზას მივყვეთ და ჩვენს მკითხველს მხოლოდ ამბავი კიარა, განცდაც შევთავაზოთ, სასურველი აწმყოს სურათიც ვაჩვენოთ და, ეგებ, სანატრელი მომავლის ნაპერწკალიც გავუღვივოთ. თუმცა ის გვამშვიდებს, რომ დიდ აჩრდილებს არც ვედრებით და არც ვერჩით, უბრალოდ მათ მხრებზე მდგომნი ვცდილობთ ყველაზე მთავარში დავემსგავსოთ – ჩვენი თავი კი არ გაჩვენოთ, არამედ ჩვენი და ჩვენს ფურცლებზე მოსული სტუმრების განცდილი დღევანდელობა ავსახოთ, რომელშიც, იმედია, საკუთარ თავსაც დაინახავთ.

ჩვენი პირველი გამოშვების თემად ვარჩიეთ კითხვა – რაც არა გვკლავს, გვაძლიერებს კი?! როცა გარშემო ომის ქარცეცხლია, როცა თავად დედამიწის მომავალია საფრთხეში, როგორ მოვერიოთ შიშს, როგორ გამოვხატოთ ის, რათა არ დავძაბუნდეთ, არც უსაქმურობაში ჩავიძიროთ, არც დეკადენტურ სიამოვნებას მივეცეთ, არც ინტელექტუალურ დამუნათებას, ხომ გეუბნებოდითო… არამედ ვიმოქმედოთ ყოველ დღე, როგორც ადამიანებმა და მოქალაქეებმა, ჩვენი თავისა და საზოგადოებისთვის.

ამისათვის, შინ და გარეთ, კაცობრიობის ცოდნისა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მოხმობით მოვიძიეთ ფიქრის მასალა და ამ გამოშვებაში გთავაზობთ:

ესაა ის რჩეული სტატიები, რომლებსაც ჩვენს პირველ რვეულში წაიკითხავთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სტატიების პირველ ციკლზე მუშაობამ ბევრი ახალი გვასწავლა და გარესამყაროს ცოტა სხვა თვალითაც შეგვახედა. ახლა კი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მკითხველიც გახდება ამ გამოცდილების ნაწილი.

მოუთმენლად და, ცოტაარიყოს, შიშით ველით თქვენს რეაქციებს. გაგვიხარდება, თუ ინებებთ და თქვენს აზრს გაგვიზიარებთ. თუარადა, იმ იმედით დაგტოვებთ, რომ ჩვენი ნაშრომი ფიქრსა და განსჯაში დაგეხმარათ, ანდაც უბრალოდ დაგეხმარათ, დღევანდელობიდან და კერძოდან, გრძელვადიანისა და საზოგადოსკენ გადაგეგდოთ ბეწვის ხიდი.

ჩვენ კი “სამოქალაქო რვეულების” შემდეგ გამოშვებაზე ვიწყებთ მუშაობას.

Exit mobile version