აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე პრემიერი ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს

8 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 15 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოჰყვა „დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის.“

მან პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და დასძინა: “ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო – საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად.“

მუხათგვერდში მედიასთან საუბრისას მან განაცხადა: “მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენს ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ, აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა”.

პრემიერმა გმირების თავდადების ფონზე ხაზი გაუსვა ყოფილი პრეზიდენტის “სამარცხვინო” ქცევებს. “გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, საუბედუროდ” განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის რიტორიკა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით (კერძოდ, ჰალსტუხის ეპიზოდზე აპელირება და თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე დაცემა) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, კრემლის ოფიციალური პირების და ე.წ. პროპაგანდისტების მიერ არაერთხელ გაჟერებული გზავნილების იდენტურია.

პრემიერმა 9 აგვისტოს მოვლენებზეც ისაუბრა და უშიშროების საბჭოს სხდომის იმდროინდელი ჩანაწერები ახსენა: “გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები… თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ეს ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია”.

პრემიერის თქმით, საზოგადოებას აქვს კითხვები, “რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ამ ომის სათანადო პრევენცია? რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება?”

პრემიერის თქმით, ეს კითხვები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება იყო “ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ, ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ამ ბიჭებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს”.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version