ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 28 ივლისს დაიწყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და სხვა მაღალი დონის შეხვედრებიც გამართა, მათ შორის შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი ციანს და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტს ძინ ლიქუნს; იგი ასევე ეწვია Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს და პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებასთან ერთად, ორი ქვეყნის წარმომადგენლებთან რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს და ორმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ციანთან

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა. მხარეებმა განიხილეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული შედეგები, რამაც 2022 წელს 2 მილიარდ  დოლარს მიაღწია.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით, საქართველო ჩინეთს ევროპასთან უმოკლეს დროში  აკავშირებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში რეგიონული ინიციატივები, რომლებიც „გაზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესაძლებლობას, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი“.

საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს. საქართვერლოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, რაც  „ხელს უწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას“.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას ციფრული ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის ქვეყანაში 5 G ტექნოლოგიების განვითარების და მონაცემთა ცენტრების შექმნის, ციფრული დერეფნისა და საქართველოში რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით.

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის ერთობლივი სწავლების შესახებ, ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ჩინეთის ეროვნული აუდიტის სამსახურს შორის და ასევე შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციასა შორის.

შეხვედრა „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტთან ძინ ლიქუნთან

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს რეგიონთაშორისი და შიდა რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად. „საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის მასშტაბით ურთიერთდაკავშირების გაუმჯობესებასა და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

ვიზიტი Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრში

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ესტუმრა, სადაც მას Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის (5G) აპარატურა, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.

შეხვედრაზე ირაკლი  ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ სხვადასხვა სფეროებში საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლიანგ ჰუამ გლობალურად მიმოიხილა Huawei-ის საქმიანობა და მისი 15-წლიანი მუშაობა საქართველოში. მან მოიწონა საქართველოს „ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია” 2020-2025 წლებისთვის  და ხაზი გაუსვა გაციფროვნების უახლეს ტენდენციებს, როგორიცაა სმარტნავსადგურები და ციფრული ენერგია.

ლიანგ ჰუამ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტული ცოდნის გამოყენებისათვის საქართველოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის” მხარდაჭერის ინტერესი გამოთქვა. მისი თქმით, კომპანიას უნდა წვლილი შეიტანოს საქართველოს ამბიციების აღსრულებაში, რომ შექმნას ციფრული, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სუფთა ენერგიის რეგიონული ჰაბები, რომლებიც აზიასა და ევროპას აკავშირებს.

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version